ახალი ამბები
გორში გაიხსენეს ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი ძიუდოში - ანზორ ქიბროწაშვილი
60 წლის წინ, 1962 წლის 13 მაისს გერმანიის ქალაქ ესენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, გორელმა ძიუდოისტმა ანზორ ქიბროწაშვილმა ოქროს მედალი და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამ დღის აღსანიშნავად გორში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გორის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიებას ორგანიზება სპორტის ჟურნალისტმა, ვასილ ბალახაძემ გაუწია.



ფოტოზე:
ანზორ ქიბროწაშვილი ორთაბრძოლის დროს

,,ისტორიული გამარჯვებიდან 60 წლის აღსანიშნავად, 13 მაისს გორის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ ჩვენი ქალაქის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, გულშემატკივრები, ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები, თავად ანზორ ქიბროწაშვილის ოჯახის წევრები. ღონისძიებაზე ისაუბრეს 1962 წლის ისტორიული გამარჯვების შესახებ. ანზორ ქიბროწაშვილის ცხოვრებასა და სპორტულ კარიერაზე, მის როლზე ქართული ძიუდოს განვითარებაში.'' - აღნიშნავს ვასილ ბალახაძე.



ფოტოზე: ლევან თედიაშვილი და ანზორ ქიბროწაშვილი

ჯერ კიდევ 1987 წელს სპორტული ჟურნალისტი იან დიმოვი წერდა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 1960-ამ წლებში საბჭოთა ძიუდოში:

,,გურამ პაპიტაშვილმა გორის პედაგოგიური ინსტიტუტი ძიუდოს აკადემიად აქცია. 1962 წელს საბჭოთა ძიუდოისტებს შორის ევროპის პირველი ჩემპიონი გახდა პაპიტაშვილის მოწაფე, გორის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი ანზრო ქიბროწაშვილი.. მან ოქროს მედალი მოიპოვა მძიმე წონაში. 1965 წელს კი ქიბროწაშვილმა, კიკნაძემ და ჩიკვილაძემ ევროპის თითქმის მთელი ოქრო წამოიღეს. ამასთან ყველაზე პრესტიჟულ - აბსოლუტურ, მძიმე და ქვემძიმე წონით კატეგორიებში. სწორედ ამ ყმაწვილებმა წამოიწყეს მთელი ეს საქმე. იშვიათი ნიჭის სპორტსმენები იყვნენ ისინი'' - წერს იან დიმოვი ,,საქართველოს ფალავნებში''

ანზორ ქიბროწაშვილი დაიბადა 1939 წელს ახმეტაში. გარდაიცვალა 2008 წელს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები