ახალი ამბები
ქარელის სოფელ ბრეთის მეურნეობაში დევნილთა ოჯახი ,,განსახლების პროგრამაში'' არ ჩართეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახს ახალი ბინით არ აკმაყოფილებენ. ამის შესახებ ოჯახის წევრებს დევნილთა სააგენტოდან აცნობეს. როგორც ირკვევა, ისინი პაპის დატოვებულ ბინაში ცხოვრობენ, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს 1 ლარად დაიკანონეს.

2021 წელს ოჯახმა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ბინით დაკმაყოფილება მოითხოვა. დევნილთა განსახლების სააგენტომ მათ უპასუხა, რომ 1 ლარად ნაჩუქარი ქონების გამო, ,,გრძელვადიან განსახლების პროგრამაში" აღარ მოხვდებიან.

საუბარია 86 კვ.მ ფართის ბინაზე.

ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. დახმარებისთვის ხაშურის სასამართლოს მიმართეს. ჯერ ხაშურის, შემდეგ თბილისის სასამართლოებმა აღნიშნეს, რომ დევნილთა სააგენტოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, მოსამართლე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება, ცალსახად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბინის გადაცემას საფუძვლად დაედო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

ხაშურის სასამართლოს მოსამართლემ მოითხოვა საარქივო დოკუმენტები. საარქივო დოკუმენტებით დადგინდა, რომ ბინა ნამდვილად ეკუთვნოდა დევნილის პაპას.

2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, დევნილთა სააგენტოს ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა. მოსამართლის განცხადებით, საჭიროა იმის გარკვევა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა პაპის ქონების გადაცემა 1 ლარად – იყო ეს სარგებლობაში არსებული ბინის დაკანონება თუ დევნილთა გრძელვადიანი პროგრამის განხორციელება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები