ახალი ამბები
კასპში რუსეთის მოქალაქე ღორების ფერმას ააშენებს
კასპში, დაგეგმილია ღორების ფერმის მშენებლობა, რომელსაც კომპანია ,,ახალი ფერმა'' განახორციელებს.

როგორც qarTli.ge-მ გაარკვია, აღნიშნული კომპანია რუსეთის მოქალაქემ, პეტერბურგელმა იური კოროტჩენკო (80%) ქართველ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა. 2022 წლის 13 მაისს ცვლილებები შევიდა და დირექტორად თენგიზ კანდელაკი დანიშნეს.

როგორც კომპანიის ქართველმა წარმომადგენელმა თენგიზ კანდელაკმა ,,ბიზნეს მედიასთან'' საუბრისას განაცხადა, ინვესტიცია 10 მლნ ლარს აჭარბებს. პროექტი 100 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება, შენობა კი 9 000 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა.

საღორე 400 დედა ღორზე იქნება გათვლილი, დაახლოებით, სამ თვეში დასრულდება და წლიურად 10 000 ღორს მოაშენებენ. მშენებლობის დასრულებისთანავე, ფერმაში გასამრავლებლად პირველ სანაშენეებს შეიყვანენ, მომდევნო წლიდან კი პროდუქტს მიიღებენ.

,,ბიზნეს მედიას'' ცნობით, ახალი ფერმა 35 ადამიანს დაასაქმებს, დასაქმებულებს შორის, ძირითადად, უცხოელი სპეციალისტები იქნებიან. ადგილზე სასაკლაოც მოეწყობა და ფერმაში დედა ღორების რაოდენობა 800-მდე გაიზრდება.

,,ძირითადი პრობლემა, რასაც წავაწყდით ამ სექტორში, პროფესიონალი კადრების დეფიციტია. 30 წელი ეს სფერო ხელოვნურად განადგურდა, შესაბამისად, არც პროფესიონალები დარჩნენ, ამიტომ დაწყებული ტექნოლოგიდან ვეტერინარით დასრულებული - ძირითადი კადრი უცხოეთიდან ჩამოგვყავს. შესაბამისი გადამზადების შემდგომ ახალგაზრდებსაც დავასაქმებთ. სამომავლოდ დედა ღორების რაოდენობას 800-მდე გავზრდით. ადგილზე სასაკლაოსაც მოვაწყობთ", - ამბობს თენგიზ კანდელაკი.

როგორც მოვიკვლიეთ, კოროტჩენკო არის დირექტორი კიდევ ერთი კომპანია ,,ფემილი ფარმის'', რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანერგე მეურნეობას აშენებს, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ ვწერდით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები