ახალი ამბები
ხაშურის საბავშვო ბაღიდან პენსიონერი დირექტორი გაათავისუფლეს
ხაშურის მე-7 საბავშვო ბაღის დირექტორი, პენსიონერი ლიანა საბანაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ლიანა საბანაძის ადვოკატი ტარიელ კიკნაძე დაუკავშირდა.

მისი თქმით, პენსიონერ პედაგოგს გამგებელმა და ბაღების გაერთიანების დირექტორმა უხეშად მიმართეს.

,,ქალბატონი ლიანა პენსიონერია, საბავშვო ბაღს ის დაახლოებით 40 წელი ხელმძღვანელობდა. ჰო და, ეს გაუნათლებელი ხალხი მიდის და ეუბნება, რომ შენ პენსიონერი ხარ და უნდა წახვიდეო“ - ამბობს ტარიელ კიკნაძე.

ლიანა საბანაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა პოლიტიკური ნიშანიც იყოს.

„ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ გარდა პენსიონერისა, თურმე არც მაგათი გუნდის წევრი ვყოფილვართ“- განმარტავს ადვოკატი, რომელიც, სხვათა შორის, გათავისუფლებული პედაგოგის სიძეა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნიშანს, ტარიელ კიკნაძე ყურადღებას ლიანა საბანაძის შვილის შესახებ ამახვილებს. კერძოდ, გიორგი საბანაძე ქალაქ ხაშურის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, ხოლო შემდეგ დედაქალაქში, ასევე, მაღალ თანამდებობაზე გადავიდა.

ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით ნოზაძე ლიანა საბანაძის არაპროფესიონალიზმზე მიანიშნებს და ამბობს, რომ პენსიონერი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა.

„რაღაც საბუთები არასწორად შეავსო, რაც გათავისუფლების მიზეზი გახდა. არანაირ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას ადგილი არ ქონია. თვითონ მეც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნი.“- აცხადებს ნოზაძე.

საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი არ გამორიცხავს, რომ გადაცდომასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყოს, თუმცა ნოზაძე არ აკონკრეტებს რა სახის გადაცდომას ჰქონდა ადგილი.

,,საბავშვო ბაღების გაერთიანებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ“ - ამბობს ნოზაძე.

ლიანა საბანაძის ადვოკატი ტარიელ კიკნაძე აცხადებს, რომ გათავისუფლების ფაქტს სასამართლოში გაასაჩივრებს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში 2013 წელს შეტანილი ცვლილების მიხედვით, საჯარო სამსახურში მუშაობის ზღვრული ასაკი გაუქმებულია.

მანამდე მოხელე შეიძლებოდა, სამსახურიდან ასაკის გამო გაეთავისუფლებინათ.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები