ახალი ამბები
სოფელ ქიწნისის მეურნეობაში საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
11 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მეურნეობაში საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შენობა, განახლდა ავეჯი, შეძენილ იქნა თანამედროვე ტექნიკა და სხვა საჭირო ინვენტარი.

პროექტის ღირებულებამ 42 868 ლარი შეადგინა.

თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ახლადგახსნილ საბავშვო ბაგა-ბაღს, ჯამში, 35 აღსაზრდელის მიღების შესაძლებლობა აქვს.

ქიწნისის მეურნეობის მიმდებარე სოფლების აღსაზრდელებისთვის გათვალისწინებულია უფასო ტრანსპორტირებაც.

რაც შეეხება კვების რაციონს, 1 აღსაზრდელის კვების დღიური ნორმა 1.22 ლარს შეადგენს.

საბავშვო ბაღში იფუნქციონირებს ფსიქოლოგისა და ექთნის კაბინეტები.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 30-ზე მეტი სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღმზრდელობითი დაწესებულებაა.

აღნიშნული ბაგა-ბაღებით 2 110 აღსაზრდელი სარგებლობს.

უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნაც.

ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში 551 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები