ახალი ამბები
"საქეიფო" გზის მშენებლობა მაისის დასაწყისში დასრულდება
ქარელი-ყინწვისის მონაკვეთზე გზის საფარის მოასფალტება მიმდინარეობს.

ეს ის მონაკვეთია, რომლის გასწვრივ 20-მდე გასაქირავებელი მაგიდა დგას,. აქ ყინწვისის ან ძამის ხეობის სხვა მონასტრების მოსანახულებლად წასული ტურისტების ნაწილი საქეიფოდ ჩერდება.

სამუშაოებისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო და 1 141 141 ლარი შეადგინა.

დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს. 3 კილომეტრნახევრიანი გზის მონაკვეთის მოასფალტება მაისის დასაწყისში დასრულდება.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი შიდა ქართლის საინფორმაცო ცენტრთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გაზაფხულზე მუნიციპალიტეტის 6 სოფლამდე მისასვლელი გზების მოასფალტებაც დასრულდება.

მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება სოფლების - ბრეძა, ატოცი, გულიკაანთუბანი,ქვემო შაქშაქეთი, ფცა, თამარაშენი - მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები.

აქაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო და 3 400 000 ლარი შეადგინა, აქედან თანხის 5 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

როგორც ზაზა გულიაშვილი ამბობს,ტენდერი 4 მარტს დასრულდება და სამუშაოებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.

ფოტო: გადაღებულია 2015 წლის შემდგომით და აღნიშნავს ,,საქეიფო" ადგილების მიმართულებას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები