ახალი ამბები
კასპში სარაგბო გუნდი „იბერიონი“ დაფუძნდა
კასპის მუნიციპალიტეტში, სარაგბო გუნდი „იბერიონი“ დაფუძნდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„იბერიონს“ ამჟამად საწვრთნელი ბაზა კასპსა და სოფელ აღაიანში აქვს, სადაც სწავლება უფასოა.

11 თებერვალს კასპის რაგბის გუნდის წევრებს ყოფილი ცნობილი რაგბისტები: საქართველოს რაგბისტთა ნაკრების ყოფილი კაპიტნები ირაკლი აბუსერიძე და ირაკლი მაჩხანელი, მამუკა ნამიჭეიშვილი, ვეტერანი მორაგბე ნუგზარ მალაღურაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერი ვასილ აბაშიძე და ფრანგი რაგბისტები ეწვივნენ.

სტუმრებმა ბავშვებს საჩუქრად მაისურები და რაგბის ბურთები გადასცეს და საწვრთნელ მეცადინეობას დაესწრნენ.

მომავალ რაგბისტებს საწვრთნელი მეცადინეობა ფრანგმა რაგბისტმა ჩაუტარა.

„იბერიონი“-ს დამფუძნებელის ზაზა მარიდაშვილის თქმით, ფრანგი კოლეგების მიზანი საქართველოში რაგბის აკადემიის ჩამოყალიბებაა და ისინი ბავშვთა კონტიგენტს იძიებენ, რომელთაც მომავალში საფრანგეთში სპორტული გზის გაკვალვაში დაეხმარებიან.

სტუმრებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა კასპში რაგბის განვითარებაში დახმარება აღუთქვა, შემდეგ კი ერთად ქალაქში მშენებარე ახალი სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები