ახალი ამბები
გორში 80 ოჯახი ცხოვრობს იმ შენობაში, სადაც ღირსების შემლახავი პირობებია - სახალხო დამცველი
2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის სოციალური საცხოვრისი შეამოწმა და დაადგინა, რომ არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას.

ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა. შენობა, რომელშიც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელად დღემდე არ გარდაქმნილა, მოსახლეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს, კუსტარულად; შესაბამისად, მუდმივ საცხოვრებელად უვარგისია. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე.

,,ამ პირობებში წარმოუდგენელია ჰიგიენის დაცვა და კვების პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვა. ობიექტში არსებული უკიდურესად მწვავე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შენობის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.'' - აღნიშნული სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გორის სოციალურ საცხოვრისში სრულად უგულებელყოფილია საცხოვრებლის სათანადოობის სტანდარტები. შედეგად, მობინადრეებს შემაშფოთებლად მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება.

აქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო სრულიად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის. მობილობის შეზღუდვის მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები, ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობის გამო, თვეების მანძილზე მაღალ სართულზე არიან გამოკეტილი და ეზღუდებათ გადაადგილების უფლება. მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები განსაკუთრებულად ღირსების შემლახავია შშმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითმოვლას და ვერც შესაბამისი ასისტენტისა და მომვლელის სერვისით სარგებლობენ.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, აღნიშნული უფლება მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრისით, არამედ სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილების ვალდებულებას, რაზეც ზემოხსენებული დაწესებულების მობინადრეებს ხელი არ მიუწვდებათ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გორის მერიას - მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს ობიექტიდან მათ განსახლებას და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები