ახალი ამბები
ხაშურის სოფელ სატივეში მოსწავლეებს სკოლაში სახანძრო კარი ამოუშენეს
ხაშურის სოფელ სატივეში, სკოლის მოსწავლეებს სახანძრო-სათარიგო კარი ამოუშენეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა მოქალაქემ ხაშურიდან გვაცნობა.

მისი თქმით, ფაქტის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში გახდა ცნობილი, თუმცა კარი ამ დრომდე დალუქულია.

როგორც გავარკვიეთ, სოფელ სატივის სკოლას 30 აპრილს სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ შესამოწმებლად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ სკოლის მოსწავლეების სწავლების პროცესი არაა უსაფრთხო, რადგან ხანძრის შემთხვევაში, მოსწავლეებს და პედაგოგებს არა აქვთ სათარიგო გასასვლელი.

სკოლას დაავალეს, რომ 30 მაისამდე ეს პრობლემა მოეგვარებინათ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება 30 ივლისამდე მოითხოვეს.

საქმეში ხაშურის რესურსცენტრი 15 მაისს ჩაერთო. რესურცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურის აცნობს ვითარებას და ეკითხება აზრის იმის შესახებ, თუ რა განახორციელოს. მომდევნო წერილი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა 2 ივნისს გააგზავნა, რადგან პასუხი არ ჰქონდა მიღებული.

3 ივნისს ზვიად გოგუაძემ განათლების სამინისტროსგან მიიღო პასუხი, რომ აღედგინეთ სკოლის პირვანდელი მდგომარეობა, ხოლო ფინანსები მოეძიებინა ხაშურის მერიასთან ერთად.

,,ბატონო ზვიად, აღდგენილ და/ან შენარჩუნებულ უნდა იქნას სკოლის შენობ(ებ)ის თავდაპირველი სახე - პირვანდელი სამშენებლო პროექტის მიხედვით - კონსტრუქციული, შიდა გეგმარების, ტექნოლოგიური სქემის და გარე ფასადის სრული დაცვით'' - წერია განათლების სამინისტროსგან მიღებულ წერილში, რომელიც 3 ივნისით თარიღდება.

რატომ არ დაანგრიეს კარი ამ დრომდე? სატივის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იტყობინება:

,,რადგან სახანძრო სამსახურის მოთხოვნა მეორე შესასვლელი კარის მოწყობა უნდა შესრულებულიყო 30 მაისამდე, ხარჯთაღრიცხვის მომზადება, საექსპერტო დასკვნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან თანხმობის მიღება და ადგილობრივი მერიიდან თანხმობის მიღებას დასჭირდა დრო. პრობლემა 31 ივლისამდე აღმოიფხვრება. სკოლაში შესასვლელი მეორე კარის არარსებობა, ხანძრის დროს, საფრთხეს უქმნის სკოლაში მოსწავლეთა და, საერთოდ, სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებას.'' - ადასტურებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შორენა მჭედლიძე.

სკოლის დირექტორი წერს, რომ ხაშურის მერიისგან თანხმობა 28 ივნისს მიიღო. იგი პირდება საზოგადოებას, რომ პრობლემა 31 ივლისამდე მოგვარდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები