ახალი ამბები
ტირიფონის არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა, რომლის ცხედარი ტირიფონის არხში ნახეს.

შემთხვევა 9 ივლისს მოხდა.

როგორც მეჯვრისხევის წარმომადგენელმა ასმათ ტალახაძემ გვითხრა, თანასოფლელებმა ცხედარი მაშინ დაინახეს, როდესაც არხის წყალს მიჰქონდა:

,,არავის დაუნახავს საიდან გადავარდა, როგორ გადავარდა. ძალიან ბევრი ვერსიებია. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა ნასვამი იყო. ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. ოჯახში მისვლასაც ვაპირებ'' - ამბობს ასმათ ტალახაძე.

ტირიფონის არხი სათავეს მდინარე ლიახვიდან იღებს და რამდენიმე სოფელს გაივლის. როგორც ასმათ ტალახაძე ამბობს, წყალი სოფელ აძვის თავზე, უშუალოდ სოფლის ტერიტორიაზე გადის:

,,მანდ არის გადასასვლელი ბოგირი. რამდენიმე მოთხოვნა მაქვს გაგზავნილი, რომ ამ ხიდისმაგვარ ბოგირზე დამცავი ბარიერები გაკეთდეს. იმიტომ, რომ წყალი უკვე დიდი მოდის და სულ მეშინია არავინ გადავარდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არავინ იცის, ზუსტად სად ჩავარდა ეს ბიჭი'' - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები