ახალი ამბები
გორში გარემოვაჭრეები გურამიშვილის ქუჩაზე დემონსტრაციულად დაბრუნდნენ
დღეს დილით გარემოვაჭრეებმა, მარინა გაგლოშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა გურამიშვილის ქუჩაზე დემონტრაციულად მუშაობა განაგრძეს.

ადგილზე პოლიცია და გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც მივიდნენ.

ტროტუარები და მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა დაიკავეს. სხვა მოვაჭრეებს კი არ აძლევდნენ მუშაობის გაგრძელებას.

მაგალითად, ხათუნა ძიძიკაშვილმა გვითხრა, რომ ერთ-ერთ ქალს ხელიდან წაართვეს ჩანთა. ეს ქალი სიგარეტების გაყიდვით იყო დაკავებული.



გარემოვაჭრეებს მხარდაჭერა მოძრაობა ,,გირჩი თავისუფლებისთვის'' წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.

ისინი თბილისიდან სპეციალურად გორში ჩავიდნენ. მათი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს გარემოვაჭრეთა უფლებების დაცვას. უნდა მოხდეს შესაბამისი ღონისძიებები გატარებული. რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

მოვაჭრეებს მხარდაჭერაერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს. ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი კახა ლობჟანიძე აცხადებს, რომ აცილებელია საშეღავათო სისტემის შემოღება იმ ადამიანებისთვის, ვინც შემოსავლის გარეშე რჩება.



გორის მერია: გარემოვაჭრეები ახალ ბაზარში ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ. გორში, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩები უსახური დახლებისაგან გაიწმინდა.

გორის მერიის ინფორმაციით მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით, ამ ქუჩებზე გარევაჭრობა ხორციელდებოდა, რის გამოც, ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასევე საფრთხე ექმნებოდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილების მსურველებს. პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვეოდა კანონი, მახინჯდებოდა ქალაქის იერსახე და ქუჩები ნაგვიანდებოდა.



გორის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება რამდენჯერმე შესთავაზა. წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში, მერიისა და კერძო მესაკუთრის შეთანხმების შედეგად, ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ.

კონსტრუქციებისგან ამ ქუჩების გასუფთავების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთი კვირის ვადა მისცეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები