ახალი ამბები
გორში გარემოვაჭრეების ადგილზე ყვავილების ქოთნებს დადგამენ
გორში გარემოვაჭრეების ადგილზე ყვავილების ქოთნებს დადგამენ

ყვავილები გვიან ღამით ჩამოიტანეს.

გორის კეთლმოწყობის სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ყვავილები გათვალისწინებულია სწორედ იმ ადგილებზე, სადაც ცოტა ხნის წინ უსახური დახლების დემონტაჟი მოახდინეს.



შეგახსნებთ, რომ გორის მერიამ გარემოვაჭრეების დახლები ღამის საათებში აიღო. პრეს-სამსახურის ცნობით, გარემოვაჭრეები ახალ ბაზარში ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ.

,,გორში, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩები უსახური დახლებისაგან გაიწმინდა. გორის მერიის ინფორმაციით მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით, ამ ქუჩებზე გარევაჭრობა ხორციელდებოდა, რის გამოც, ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასევე საფრთხე ექმნებოდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილების მსურველებს. პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვეოდა კანონი, მახინჯდებოდა ქალაქის იერსახე და ქუჩები ნაგვიანდებოდა.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.



გორის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება რამდენჯერმე შესთავაზა. წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში, მერიისა და კერძო მესაკუთრის შეთანხმების შედეგად, ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ.

კონსტრუქციებისგან ამ ქუჩების გასუფთავების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთი კვირის ვადა მისცეს.

მიუხედავად ამისა, მოვაჭრეების პროტესტი დღემდე გრძელდება. თბილისიდან მათ მხარდასაჭერად მოძრაობა გირჩისა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

გირჩისა და ლეიბორისტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მერიამ ოპტიმალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დააკმაყოფილოს მოვაჭრეთა მოთხოვნები. ეს ძირითადად, მოვაჭრეების ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები