ახალი ამბები
დიდი აუზი, სპა, საუნა, მარანი - გორში შენდება ,,გორი Inn''
ქალაქ გორში შენდება ,,გორი Inn''. როგორც საინფორმაციო სააგენტო bm.ge ავრცელებს ინფორმაციას, მშენებლობა თვენახევარში დასრულდება.

ამავე წყაროს ცნობით, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 20 მლნ ლარია.

სასტუმრო ხუთვარსკვლავიანი და 116-ნომრიანი იქნება.

"ეს იქნება „Inn ჯგუფის“ მე-6 სასტუმრო საქართველოში. „გორი Inn”-ში იქნება დიდი აუზი, სპა, საუნა, მარანი, სადეგუსტაციო ოთახი, სადაც დამსვენებლებს შეეძლებათ ქართლური ანუ ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება. ასევე იქნება ბარი და რესტორანი, რომელიც გარე სტუმარსაც მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე დაახლოებით 1 ჰექტარზე გამწვანება მოეწყობა. ვვარაუდობთ, რომ სასტუმრო თვე-ნახევარში გაიხსნება“, - უთხრა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორმა ერეკლე კოკაიამ bm.ge-ს.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 100-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

როგორც ჩვენ ვწერდით, ტერიტორია 2003 წელს ბიზნესმენმა და ცნობილმა მოჭიდავემ ბორია გოგიჩაიშვილმა შეიძინა. 2004 წელს ქონება წაართვეს და ადგილობრივ გამგეობას გადასცეს.

2012 წელს ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ ქონება ბორია გოგიჩაიშვილს დაუბრუნეს. ქონების დაბრუნების პროცედურები 2019-2020 წლებში განხორციელდა.

ბორია გოგიჩაიშვილმა დაბრუნებული ქონება თანასოფლელ, ასევე გავლენიან ბიზნესმენს ვახტანგ კარიჭაშვილს გადასცა. ყველაზე დიდ სასტუმროს გორში სწორედ ის აშენებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები