ახალი ამბები
30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველების და ექიმების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და საზოგადოებას სამძიმარს და თანადგომას უცხადებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება.გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. რაც შეეხებათ პარაპლანისტებს, ერთ გადარჩა, ხოლო მეორე - უცხოელი ტურისტი დაიღუპა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები