ახალი ამბები
ფსიქოლოგის ინფორმაციით საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს არ აძინებენ
გორის რაიონის სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს ვერ აძინებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბაღის ფსიქოლოგი მადონა ლაზარაშვილი ესაუბრა..

მისი თქმით, სკოლამდელ დაწესებულებას ლეიბების და ე.წ. პლედების საკმარისი რაოდენობა არ აქვს.

ლეიბების დიდი ნაწილი კი, საბავშვო ბაღში მშობლებმა მიიტანეს.

„მსგავსი ვითარება არც ერთ ბაღში არ არის. მარტო ჩვენთან ხდება, რომ პატარა ბავშვები ვერ იძინებენ, მოგეხსენებათ, შენობა ვიწროა. ბავშვებს უჭირთ გაძლება. საერთოდ არ იძინებენ, არც დიდების და არც პატარების ჯგუფების ბავშვები.“ - ამბობს ფსიქოლოგი მადონა ლაზარაშვილი.

საბავშვო ბაღის დირექტორი ლაურა კაპანაძე ფსიქოლოგის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ ეთანხმება.

„ეს ტყუილია, თითქოს ბავშვებს ვერ ვაძინებთ. ყველას აქვს დაძინების საშუალება. უფროსი ჯგუფი კი, საერთოდ არ იძინებს. ისინი დიდები არიან და თვითონვე აღარ გვთხოვენ დაძინებას, ამიტომ მათი ძილი დღის განრიგიდან ამოღებულია“ - გვეუბნება ლაურა კაპანაძე.

დირექტორის ინფორმაციით, ნიქოზის საბავშვო ბაღში, ძირითადად, 4 და 5 წლის ასაკის ბავშვები დადიან, რომლებიც უკვე დიდ ჯუფებში არიან.

ნიქოზის საბავშვო ბაღი 2015 წლის დეკემბერში გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და ორგანიზაცია „ნეოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა.

ბაღი 70 ბავშვზეა გათვლილი და 3 სოფლის (ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ხვითი) ემსახურება.

საბავშვო ბაღების გაერთიანების პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნონა მიდელაშვილის ინფორმაციით, ლეიბებისა და პლედების შესაძენად, ტენდერი ერთ თვეში გამოცხადდება.

,,როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, თეთრეული არა აქვთ საკმარისი რაოდენობის. შესაბამისად, ბავშვების ნაწილის დაძინება ვერ ხერხდება. პლედებისა და ლეიბებისთვის ტენდერი კი 1ერთ გამოცხადდება,“ - აცხადებს ნონა მიდელაშვილი.


 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები