ახალი ამბები
ცხინვალში ემშვიდობებიან ცნობილ მსახიობს იზოლდა ბეპიევს
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 2022 წლის 11 აგვისტოს, გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი იზოლდა ბეპიევი.

მისი გარდაცვალების შესახებ სპეციალურ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ნაირა ბეპიევი ავრცელებს.

,,ნიჭიერი მსახიობი წლების განმავლობაში მუშაობდა კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის თეატრის ქართულ დასში, იყო ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. მან მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა ქართულ სპექტაკლებში.

1990 წელი მისთვისაც მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა... როდესაც მის ქართველ კოლეგებს ცხინვალის დატოვება მოუხდათ, იზოლდა სამსახურის გარეშე აღმოჩნდა...



ქართული დასი ცხინვალში აღარ იყო... მან კი ყველაზე კარგად ქართული ენა იცოდა... მალე ტელეოპერატორის კვალიფიკაციას დაეუფლა.

ცხინვალის თეატრის ისტორიული კადრების არქივი ძირითადად მისი შექმნილია: "იზოლდა ბეპიევმა ცხინვალის თეატრის მრავალი უნიკალური კადრი გადაარჩინა დავიწყებას... მას ძალიან უყვარდა სიცოცხლე და მეგობრები", - ასე ახასიათებენ მას ოსი კოლეგები.

"იზოლდა ჩვენი დიდი მეგობარი იყო", - იხსენებენ ქართველი კოლეგები.

,,თვითონ იზოლდას ცხოვრება და მოღვაწეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი კადრი იყო ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიიდან. ყველას, ოსსაც და ქართველსაც, დიდად დასწყვიტა გული მისმა წასვლამ. იზოლდას გარდაცვალება განსაკუთრებულად მძიმე არის ჩვენთვის, მისი ახლობლებისათვის. სამარადისო ნათელი მის სულს. Рухсаг у, Изольда.'' - წერს ნაირა ბეპიევი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები