ახალი ამბები
მინდორში დაღვრილი სასმელი წყალი - უწყლო სოფლის ახალი ჭაბურღილი
გორის რაიონის სოფლებში - შავშვებსა და ნაწრეტში - ახალი ჭაბურღილებიდან სასმელი წყალი მინდორში იღვრება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ფაქტი ვიდეოზე დააფიქსირეს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტების თქმით, ჭაბურღილები 2015 წლის ზაფხულში გაკეთდა, თუმცა, ქსელის გარეშე.

2016 წლის ბიუჯეტში კი, ქსელის და რეზერვუარის გასაკეთებელი თანხები გათვალისწინებული არაა.

ის რეზერვური კი, რომელიც ზემო შავშვებში მდებარეობს, სარემონტოა. წყლის მარაგის დაგროვების შემთხვევაში წყალი მიწაში გაჟონავს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იციან, რომ ჭაბურღილებს გამგეობა მიმდინარე წელს გააკეთებს. ეს დაპირება გამგებელმა და მისმა წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ერთ-ერთი შეხვედრის დროს მისცეს.

,,ჩვენ ვიცით, რომ ქსელი და რეზერვუარები წელს გაკეთდება" - გვითხრა გამგებლის სპეციალისტმა სოფელში მანანა თვაურმა. ჩვენს კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა სამუშაოების თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში, მანანა თვაურმა ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატთან ზურაბ კუდუხაშვილთან გადაამოწმა და ტელეფონზე დაურეკა.

ზურაბ კუდუხაშვილი ერთ-ერთია საკრებულოს დეპუტატებს შორის, რომელმაც 2016 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა.

სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ მანანა თვაურმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ოფიციალურად ბიუჯეტში თანხები არ დევს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის სპეციალისტის მანანა თვაურის განცხადებით, თუ ქსელი სასწრაფოდ არ გაკეთდა, ჭაბურღილი ,,დაილამება" და მის რეაბილიტაციასაც თანხები დაჭირდება.



,,თუკი ჭაბურღილი გააკეთეს, ესე იგი, ქსელსაც გააკეთებენ ალბათ" - იმედოვნებს მანანა თვაური.

ტერიტორიული თემის კიდევ ერთი სპეციალისტი ირმა მაყიშვილიც ადასტურებს, რომ მას და მის თემში შემავალ სოფლების მოსახლეობას იმედები აქვთ.

,,ნამდვილად, შემიძლია გითხრათ, რომ რეზერვუარიც გასაკეთებელია. ის თუ არ გარემონტდა, წყალი დაიკარგება. ფაქტობრივად, მდგომარეობა ასეთი გვაქვს. წყლის სისტემას ჭირდება ჭაბურღული, ქსელი და რეზერვუარი. ჭაბურღილი გაკეთებულია, დანარჩენი გასაკეთებელი" - ამბობს ირმა მაყიშვილი.

ჭაბურღილები მართლაც გაკეთებულია, ისინი სოფლის მოშორებით დაახლოებით 2 კმ მანძილზე სოფელ წითელუბნის სიახლოვეს მდებარეობს. ჭაბურღილებსა და სოფელს შორის ავტობანი გადის.

რატომ გააკეთეს ჯერ ჭაბურღილი, საიდანაც წყალი იღვრება, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები გვეუბნებიან, რომ აწი თუ რამე გვაინტერესებს, წერილობით უნდა მივმართოთ.









Print

სტატიის გამოყენების პირობები