ბოჟამი, ლამისყანა, რენე, სამთავისი, ქვემო ჭალა - გამყოფი ხაზის
სიახლოვეს მდებარე ამ სოფლების მოზარდებს ერთი საფეხბურთო გუნდი
აერთიანებს.
ეს კლუბი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისშია
ჩამოყალიბებული.
მისი ხელმძღვანელი კასპის ყოფილი საფეხბურთო გუნდ ,,განთიადის"
ფეხბურთელი დავით კობაურია.
სამთავისის სტადიონზე ახალგაზრდები თითქმის ყოველდღე იკრიბებიან.
ტერიტორია საჯარო სკოლას ეკუთვნის და, როგორც მწვრთნელი ამბობს,
გუნდიც საჯარო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა.
ამ სტადიონზე გაზრდილი ფეხბურთელების ნაწილი დღეს სხვადასხვა ცნობილ
საფეხბურთო კლუბებში თამაშობენ.
კარიერაში მე-12 კლასის მოსწავლეს ნოდარ მელაძეს ჯერ არ გაუმართლდა.
ის 3 წელი ჯერ დავით კობაურის გუნდში ვარჯიშობდა, შემდეგ კასპის
,,განთიადში" გადავიდა. 5 წლის შემდეგ კი, გუნდი დაიშალა.
ბოლოს იძულებული გახდა გორის ,,დილას" დუბლებში გადასულიყო.
,,იქ ორი კვირა გავძელი, რადგან არც სწავლამ მომცა სიარულის საშუალება
და არც მანძილმა" - ამბობს ნოდარ მელაძე.
დავით კობაური ბავშვთა ფეხბურთის განვითარების სირთულეებზე ამახვილებს
ყურადღებას. მისი სურვილია, რომ პირველი და მეორე ლიგის გუნდების
შესავსებად, ,,გადაზრდილი" ფეხბურთელების ნაცვლად, თაობები
რეგიონებში მოძებნონ.
სტატიის გამოყენების პირობები