ახალი ამბები
ნიქოზელები მთის სოფლის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ
სოფელ ნიქოზის მოსახლეობა მაღალმთიანი ზონის მცხოვრების სტატუსის მიღებას ითხოვს.

ამის თაობაზე ადგილობრივებმა ხელმოწერები შეაგროვეს და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადააგზავნეს.

„ჩვენი მოსახლეობის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ კანონის მიღება ნიქოზელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ გვინდა, რომ სოფელში მოსახლეობა შევინარჩუნოთ, მთის კანონი უნდა შეეხოს ჩვენს მოსახლეობას. ვფიქრობთ, რომ საზღვრისპარა სოფელი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს“- ამბობს ნიქოზის მკვიდრი მკვიდრი ნიკოლოზ ძამუკაშვილი.

ნიქოზის თემის სპეციალისტი მზია მოსიაშვილი იმ შეღავათებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მთის კანონის მიხედვით მაღალმთიან ზონაში მოხვედრილი სოფლების მოსახლეობა სარგებლობს.

„ჩვილ ბავშვებზე, პენსიონრებზე შეღავათებია, ბევრი შეღავათებია და ამის შესახებ იცის მოსახლეობამ. მათ ინტერესშია, რომ შეღავათებით ისარგებლონ და დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნა“. - ამბობს მზია მოსიაშვილი.

როგორც ირკვევა, გამონაკლისის სახით, მთის სტატუსი სოფელ ერგნეთს მიანიჭეს.

ეს ფაქტი ნიქოზელებისთვის მისასალმებელია, თუმცა ფიქრობენ, რომ გამონაკლისი მათი სოფლისთვისაც უნდა დაუშვან.

„გვსმენია, რომ სტატუსი ერგნეთის მოსახლეობას მიანიჭეს. ჩვენი სოფელი კი, უფრო მაღლა მდებარეობს. ყურადღებას არავინ გვაქცევს. ყველას გვინდა შეღავათებით სარგებლობა. იმდენი საშუალება არ გვაქვს, რომ გორში ჩავიდეთ და სადმე ვიჩივლოთ.“ - ამბობს გურამ მახარაშვილი.

კანონის მიხედვით, სოფელი მაღალმთიან სტატუსს მას შემდეგ იღებს, რაც რამდენიმე კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მათ შორის, ზღვის დონიდან 800 მეტრის ზევით სიმაღლეზე მდებარეობა. ასევე, მიგრაცია 50% უნდა შეადგენდეს, ხოლო სოფელში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაო უნდა იყოს ჩატარებული.

„ზღვის დონიდან ნიქოზი 830 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და, როგორც ვიცით, ეს კრიტერიუმი აკმაყოფილებს სტატუსის მინიჭიებას“- ამბობს ნიკოლოზ ძამუკაშვილი.

თუმცა გამფეობის სპეციალისტი ამბობს, რომ სოფლიდან 50%-იანი მიგრაცია არ არის.

გორის მნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ნიქოზთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შუამდგომლობით არ მიუმართავს. შესაბამისად, ნიქოზს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი არ მინიჭებია.

ადგილობრივ მთავრობაში განმარტავენ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც შუამდგომლობა არ გაუწია გორის გამგეობამ ნიქოზის მოსახლეობას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები