ახალი ამბები
გერმანიაში დევნილობაში გარდაიცვალა ,,ადამონ ნიხასის'' დამფუძნებელი ალან ჩოჩიევი
ალან ჩოჩიევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. "მშვიდობით, ალან რეზოევიჩ და გვაპატიე!" - ასე გამოეხმაურნენ ცხინვალში მის გარდაცვალებას.

ქართულ-ოსური კონფლიქტის საწყის ეტაპზე ის სამხრეთ ოსეთის ავტომონომიური ოლქის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რესპუბლიკის მთავარი იდეოლოგი იყო. 1990 წლის ზაფხულში მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი, რომელიც რეგიონალურ პარტიებს უკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ოსური მხარის მიერ ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც "ადამონ ნიხასის" წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

როგორც ქართველი პოლიტოლოგები აფასებენ - 90-იანების შემდეგ ჩოჩიევის პოლიტიკურმა ხედვამ ტრანსფორმაცია განიცადა. ის შეაშფოთა იმ მდგომარეობამ, რაშიც სამხრეთ ოსეთი 1990-იანი წლების შემდეგ აღმოჩნდა. ჩოჩიევს არაერთხელ მოუვიდა უთანხმოება ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რის გამოც 1995 წელს ცხინვალში დააპატიმრეს. ცხინვალის საპყრობილეში მან 3 წელი გაატარა. დაპატიმრებამდე და მას შემდეგაც, ჩოჩიევი მრავალგზის ცდილობდა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტში შესულიყო, რათა ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის აღდგენისთვის შეეწყო ხელი, თუმცა უშედეგოდ.

ცხინვალი ჩოჩიევმა 1998 წელს დატოვა ოჯახთან ერთად და ვლადიკავკაზში გადასახლდა, თუმცა თავისი მკაცრი კრიტიკული განცხადებების გამო ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის, ალექსანდრე ძასოხოვის გულისწყრომაც დაიმსახურა, რის გამოც 2003 წელს დააპატიმრეს.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სამხრეთ ოსეთის სახალხო მოძრაობის "ადამონ ნიხასის" ლიდერი და მთავარი იდეოლოგი ალან ჩოჩიევი პოლიტიკური დევნისა და უთანხმოების გამო, იძულებული გახდა ჯერ რუსეთში, ხოლო 2008 წელს გერმანიაში გაქცეულიყო, სადაც ჩაბარდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. როგორც თავად აცხადებდა - მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა მთავრობის ყოფილმა წევრმა და მისმა მეგობარმა ლეონიდ კოჩიევმა.

ჩოჩიევი ედუარდ შევარდნაძის გასამართლებასაც მოითხოვდა, რადგან როგორც თავად აცხადებდა - შევარდნაძემ სამხრეთ ოსეთში პრო-ფაშისტური ძალების მომძლავრებას სახელმწიფოს დონეზე შეუწყო ხელი.

2009 წელს გამოქვეყნდა ვლადიკავკაზელი ადვოკატისა და საზოგადე მოღვაწის ჯაბრაილ გაბიჩაევის ინტერვიუ, სადაც ნათქვამია, რომ ალან ჩოჩიევმა საერთო ენა ვერც თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ედუარდ კოკოითისთან, გამონახა.

"ჩვენ ალან ჩოჩიევთან ერთად დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიან და სამართლებრივ ბრძოლას ვუჭერდით მხარს, კოკოითი კი ძალადობრივი მოქმედებების მომხრე იყო, ის გარკვეული ძალების შეკვეთას ასრულებდა, რათა დაწყებულიყო ომი. ამაშია განსხვავება. ომი არ დაწყებულა მხოლოდ სააკაშვილის მიზეზით. კოკოითი, საერთაშორისო კანონმდებლობით, სეპარატისტია და თუ დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, მოლაპარაკება უნდა აწარმოოს საქართველოს ხელისუფლებასთან, ისე როგორც ამას პალესტინა და ისრაელი აკეთებენ. მაგრამ კოკოითის არ უნდოდა ეს მოლაპარაკებები და გამუდმებით აწყობდა სხვადასხვა სახის პროვოკაციას. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, დამნაშავეა, რადგანაც გამოიყენა არაადეკვატური ძალა, მაგრამ მარტო ერთი მხარე არაა დამნაშავე – ორივეს ბრალია. მე და ალანს გვინდოდა ამ ომის თავიდან აცილება - ამის გამო ჩავედი თბილისში - და მჯერა, შესაძლებელი იყო საკითხის მშვიდობიანი გადაჭრა." - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯაბრაილ გაიჩაევმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები