40 წლამდე ასაკის მამაკაცს, პატრულის თანამშრომლის ცემის გამო, 4-დან
7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამის თაობაზე სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში
მიმდინარეობს.
დაზარალებულად პატრულ-ინსპექტორი მალხაზ ბირთველიშვილი ცნეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ინციდენტის დროს ნასვამ
მდგომარეობაში იყო, ხოლო პატრულის ეკიპაჟის წევრებთან შელაპარაკება
მაშინ მოუვიდა, როდესაც ბორკილებდადებულ სხვა პიროვნებას პატრულის
მანქანის კარები გაუღო და მისი გათავისუფლება სცადა.
საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 14 ოქტომბერს პატრულის თანამშრომლებმა
მალხაზ ბირთველიშვილმა და გიგა ცერცვაძემ, სტალინის ქუჩაზე, სხვა ორი
ახალგაზრდა ნასვამი მამაკაცი შენიშნეს.
ეკიპაჟის წევრებმა ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოტივით
დააკავეს.
,,ერთ-ერთ მათგანს მე დავადე ბორკილები და მანქანაში ჩავსვი. ჩვენი
მანქანა ისეთია, რომ დაკავებულს რომ მოვათავსებთ, კარი ავტომატურად
იკეტება. კარები, მხოლოდ, გარედან იღება. ამის იმედით ერთ-ერთი
დაკავებული მანქანაში დავტოვე, კარი დავხურე და მალხაზ ბირთველიშვილის
დასახმარებლად წავედი, რადგან ის მეორე პიროვნების დაკავებას
ცდილობდა. ვიფიქრე, დავხმარებოდი“ - იხსენებს გიგა ცერცვაძე.
პატრულის ეკიპაჟის წევრებს, ცოტა ხნის შემდეგ, მანქანასთან სიურპრიზი
დახვდათ.
,,როდესაც მეორე პიროვნება მანქანასთან მივიყვანეთ, დავინახეთ, რომ
ჩვენი მანქანის კარი ღია იყო, ხოლო დაკავებული მანქანაში აღარ იყო.“ -
განაცხადა გიგა ცერცვაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე.
მიმოიხედეს და ბორკილდადებული პიროვნება ერთ-ერთ მოქალაქესთან, 40
წლამდე ასაკის მამაკაცთან იდგა.
,,ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც დაკავებული მანქანიდან
გადმოიყვანა და შემდეგ ჩემ მეწყვილეს, მალხაზ ბირთველიშვილს ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა“ - გაიხედა პატრულის თანამშრომელმა ბრალდებულის
სკამზე მჯდომისკენ.
მოწმედ დაკითხული პოლიციელი ყვება, რომ მალხაზ ბირთველიშვილმა
სიტუაციის გარკვევა სცადა.
,,მე ორივე დაკავებული მანქანაში ჩავსვი, ხოლო ბირთველიშვილმა
სიტუაციის გარკვევა სცადა. უცხო პიროვნებას ჰკითხა, დაკავებულს კარი
მან გაუღო თუ არა. ამ დროს უცხო პიროვნებამ ბირთველიშვილს ლაპარაკი
უხეშად დაუწყო და შეურაცხყოფა მიაყენა. მახომ მასაც დაკავება დაუპირა,
რის პასუხადაც უცხო პიროვნებამ ბირთველიშვილს თავი სახეში დაარტყა და
ტუჩი გაუხეთქა. ამის შემდეგ ჩვენ დამატებითი ინსპექტორები გამოვიძახეთ
დასახმარებლად.“ - ყვება გიგა ცერცვაძე.
პიროვნება, რომელსაც მალხაზ ბირთველიშვილის ცემა ედება ბრალად,
სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე
ელოდება, ხოლო დანარჩენი ორი ახალგაზრდა, დიდი ხანია, ადმინისტრაციული
სახდელის შემდეგ, გათავისუფლებულები არიან.
ბრალდებულის უფლებებს ადვოკატი გია ამაშუკელი იცავს.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდართან დაკავშირებით სასამართლოზე
ჯერჯერობით არ საუბრობს და დუმილის უფლებას იყენებს“ - ამბობს
ადვოკატი გია ამაშუკელი.
სტატიის გამოყენების პირობები