ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურმა სოფლის წარმომადგენლები დაკითხა
შინდისის, ნიქოზის, მეჯვრისხევის, ძევერისა და კიდევ რამდენიმე სოფლის წარმომადგენლები დღეს შემოსავლების სამსახურის გამომძიებლებმა დაკითხეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ტელეფონებს იმ დროს თიშავენ, როდესაც ვეუბნებით, რომ ქართლი.ჯი-დან ვუკავშირდებით. სოფლის რწმუნებულები აგრესიულობით გამოირჩევიან და რამდენიმე მათგანმა ყვირილით გამგეობისკენ მიგვითითა.

გამოძიება კი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას მოჰყვა, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი შესრულებულ სამუშაოზე ჩაატარა, ხოლო კომპანიას, რომელმაც ეს სამუშაოები ორი თვით ადრე განახორციელა, თანხა არ გადაუხადეს.

საქმე დაახლოებით 300 000 ლარს ეხება.

კომპანია ,,ალონისის" ხელმძღვანელი მაკედონ ანანიკოვი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ამბობს, რომ მან სტიქიისგან დაზიანებული სახლები, მართლაც,  გადახურა, თუმცა დაპირებული პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება არ გაუფორმეს.

ქარის სტიქია 2015 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მოხდა. კომპანია ,,ალონისმა" სამუშაოების განხორციელება მაშინვე დაიწყო.

პირველ ეტაპზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკუთარი სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარის ხარჯვა დაიწყო, თუმცა, ამ თანხის გახარჯვის თაობაზე, პირდაპირი ხელშეკრულებები სხვა კომპანიებთან და არა ,,ალონისთან" გააფორმეს.

2015 წლის დეკემბრის ბოლოს, მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით, მილიონ ლარამდე ჭარბი შემოსავალი აქვთ.

ჭარბი შემოსავლებიდან გადაწყვიტეს სახურავების რეაბილიტაცია გაეგრძელებინათ, ხოლო ახალი, პირდაპირი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმების თხოვნით, შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართეს. სააგენტოდან გამგეობას პირდაპირი შესყიდვის თაობაზე ახალი ხელშეკრულებების გაფორმების ნებართვა აღარ მისცეს.

გამგეობის შესყიდვების განყოფილების უფროსი ალექსანდრე თარხნიშვილი ამბობს, რომ პირდაპირი შესყიდვების ხელშეკრულების გაფორმებას თავისი მოტივები აქვს. პირველ რიგში, ეს გადაუდებელი აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული.

როგორც აღმოჩნდა, სტიქიიდან ერთი თვის შემდეგ, ,,გადაუდებელი აუცილებლობა" საკმარისი მიზეზი არ იყო, ხოლო გამგეობას ურჩიეს, რომ თუ რამ სამუშაოებია ჩასატარებელი, ეს ტენდერით უნდა გაკეთებინა.

კომპანია ,,ალონისს" კი სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდა. მისი ხელმძღვანელი თანხას და პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებას ელოდებოდა.

ტენდერი კი, 2016 წლის იანვარში გამოცხადდა და 2016 წლის 2 თებერვალს დასრულდა. სატენდერო განაცხადში ზუსტად ის სახლებია მითითებული, რომელიც კომპანია ,,ალონისმა" შეაკეთა.

ამჯერად, ,,ალონისის" ხელმძღვანელმა ტენდერში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

მან 2016 წლის 31 იანვარს ტენდერში პირველი შეთავაზება გააკეთა და თანხა 289 000 ლარამდე დააფიქსირა. მომდევნო დღეს კი, ტენდერში მონაწილეობის მსურველი კიდევ სამი კომპანია გამოჩნდა და დაბალი ფასები მიუთითეს.

,,ალონისის" დირექტორი ტენდერს პირველივე რაუნდში გამოეთიშა, ხოლო დანარჩენმა სამმა შეჯიბრი განაგრძო.

საბოლოო ფასი, 185 000 ლარამდე კომპანია ,,თელამ" დააფიქსირა.

სატენდერო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში გამგეობის 15-მდე მაღალჩინოსანია გაწევრიანებული, სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება დაიწყო. ამ დროს კი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე სტატიაც გამოქვეყნდა.

სტატიის შემდეგ კი, გამოძიება შემოსავლების სამსახურმა დაიწყო.

ამავე თემაზე:

კომპანიამ ჯერ სამუშაოები შეასრულა, შემდეგ ტენდერი წააგო

სახურავების რეაბილიტაციაზე დასაქმებული ადგილობრივები ხელფასს ითხოვენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები