კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ჩაიშალა.
წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე უარი
განაცხადა და დარბაზი დატოვა.
საკრებულოს ოპოზიციური წევრების პროტესტი ბიუროს სხდომაზე ჩანიშნულმა
და, შემდგომ, საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგიდან მათმა ამოღების
ფაქტმა გამოიწვია.
დეპუტატების კითხვაზე, თუ სად გაქრა ბიუროზე დამტკიცებული საკითხები,
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ილია ზაქარიაძემ უპასუხა, რომ
ისინი გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული რეკომენდაციების შემდეგ
ამოიღეს.
დამოუკიდებელი წევრის ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, სახეზეა
თვითმმართველობის საქმიანობაში უხეში ჩარევა. მისი ინფორმაციით, დღის
წესრიგიდან ამოღებულ საკითხებს შორის პარკირების, გარევაჭრობის,
რეკლამის განთავსების, დასუფთავების და აიპიებში ხელფასების მატების
თემები შედიოდა.
,,ადგილობრივი თვითმმართველობა აწესებს და არეგულირებს პარკირების,
გარევაჭრობის, რეკლამის, დასუფთავების გადასახადებს, რაც ჩვენს
მუნიციპალიტეტში კანონის ფარგლებში მოქცეული არ იყო. აგრეთვე, უნდა
განგვეხილა ისედაც გაბერილი შტატების პირობებში ხელფასების მატების
ფაქტი აიპებში" - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილის განცხადების საპასუხოდ, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ვახტანგ ბეჟიტაშვილი კი, მომდევნო კვირაში ბიუროს სხდომის ოქმს
გამოითხოვს.
ფოტოზე: შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი
და საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე ილია ზაქარიაძე.
სტატიის გამოყენების პირობები