ახალი ამბები
ჭვრინისელი მოხუცის დაკავებების ისტორია გამყოფ ხაზთან
ჭვრინისელი ავთანდილ ასანიძე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა გამყოფ ხაზთან ოთხჯერ დააკავეს.

80 წლის მოხუცი მეხუთედ პირობითი საზღვრის გადაკვეთას აღარ აპირებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დაკავების შემთხვევაში დააპატიმრებენ.

მანამდე, მხოლოდ, ჯარიმებით შემოიფარგლნენ.

ავთანდილ ასანიძე დეტალურად ყვება იმ შემთხვევებს, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო, პირობითი საზღვრის აღმნიშვნელ აბრის მიღმა გადავიდა.

ერთხელ მეგობრის გასვენებაში, ოსურ სოფელში გადასვლის დროს, დააკავეს. მეორედ - ,,მოგებული" ხბოს მოსაძებნად წასვლის დროს. დანარჩენი შემთხვევებიც საძოვარზე საბალახოდ გაშვებულ ძროხების ძებნას უკავშირდება.

ჭვრინისელები საქონელს მინდორში მწყემსის გარეშე უშვებენ. ხშირ შემთხვევაში ძროხები აბრის მიღმაც ბალახობს, შემდეგ კი, ნახირი უკან თავისით ბრუნდება.

ავთანდილ ასანიძემ გარდაცვლილი მეგობრის სამძიმარზე გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება, პრობლემის გარეშე, მოახერხა. დაკრძალვის დღეს კი, ოს და რუს მესაზღვრეებს თავი ვერ დააღწია. იხსენებს, რომ დაკრძალვას დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც უნდა დასწრებოდა.

თიბილოვმა როდესაც გაიგო, რომ ასანიძე დაპატიმრებული ჰყავდათ, მისი ბრძანებით, იზოლატორიდან გაიყვანეს და გასვენების ცერემონიალს დაასწრეს.

განსაკუთრებით საინტერესო  ხბოს მოსაძებნად წასვლის ამბავია. 

,,როცა დამაკავეს და მკითხეს, ღამე რატომ გადავედი მათ ტერიტორიაზე, ვუთხარი, რომ ძროხისა და მოგებული ხბოს მოსაძებნად ვიყავი. ერთ-ერთი ბესლანელი ოსი პირადად წავიდა საქონლის მოსაძებნად. ეს იმიტომ გააკეთა, რომ დარწმუნებულიყო ჩემ ნათქვამში. ხბო და ძროხა, მართლაც, იპოვა. იმ ღამით ჩემ ახლობლებთან დარჩენის საშუალება მომცეს ზნაურის რაიონში. ნაპოვნი საქონელი კი, იქვე სოფელში ერთ-ერთ ოჯახში მიიყვანეს. იმ ოჯახის დიასახლისი ჩვენ სოფლელია. მეორე დღეს საქონელთან ერთად გამომიშვეს" - ამბობს ავთანდილ ასანიძე.

80 წლის მოხუცი გულწრფელად აღიარებს, რომ ყველა გადასვლის დროს დაკავებას ელოდა. ამიტომ, ფული ყოველთვის თან მიჰქონდა. ფიქრობდა, რომ თუკი დააკავებდნენ, ჯარიმას ცხინვალის ბანკში დროულად გადაიხდიდა, შემდეგ კი, სახლშიც მალე დაბრუნდებოდა.

სახლში მარტო ცხოვრობს. შვილები და შვილიშვილები დედაქალაქში არიან. მეუღლე 3 წლის წინ გარდაეცვალა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები