ახალი ამბები
გორის ჰოსპიტლის დამლაგებლები აცხადებენ, რომ არ ჭირდებათ შუამავალი კომპანია
გორის სამხედრო ჰოსპიტლის წინ აქცია გაიმართა. კომპანია ,,ჯითიგრუპის'' თანამშრომლები ითხოვენ, რომ დასუფთავების მიმართულებით, ტენდერები აღარ ჩატარდეს.

მათი თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დამლაგებლებს მიზერულ ანაზღაურებას (280 ლარის ფარგლებში) უხდის. მათ იმედი აქვთ, რომ თუკი ჰოსპიტალი გააფორმებს ხელშეკრულებას ინდივიდუალურად, თავდაცვის სამინისტროს უფრო მეტ თანხას გადაუხდის.

ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, თუ რამდენია ,,ჯითი გრუპის'' დაფინანსება, აღმოჩნდა, რომ სამხედრო ჰოსპიტალი ყოველთვიურად აღნიშნულ კომპანიას 29 500 ლარი ურიცხავს.

როგორც თანამშრომლები აცხადებენ, კომპანიაში დაახლოებით 30 ადამიანია დასაქმებული. თუ ყოველთვიური თანხა გაიყოფა 30 თანამშრომელზე, თანხა დამლაგებლების ყოველთვიური ანაზღაურება 980 ლარს მიაღწევს.

აქცია ჯითიგრუპის წარმომადგენელიც მივიდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანიას არ შეუძლია ხელფასების გაზრდა, რადგან ხელშეკრულების პირობების მიხედვით, შეუძლებელია ცვლილებების განხორციელება.

თუმცა, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ვალდებულია, მხოლოდ და მხოლოდ, დაასუფთავოს სამხედრო ჰოსპიტალი. სატენდერო პირობების მიხედვით, არაა განსაზღვრული რამდენი თანამშრომელი უნდა იყოს ჩართული, ვის რა ანაზღაურება უნდა ჰქონდეს და ა.შ. ეს პირობები ხელშეკრულების მიხედვით არაა გაწერილი.

პირველი ხელშეკრულება 2022 წლის თებერვალში დაიწყო. 10-თვიანი ხელშეკრულების ვადა იწურება 31 დეკემბერს. ათვისებულია უკვე 227 000 ლარი. მიუხედავად ამისა, სამხედრო ჰოსპიტალმა ახალი ტენდერი გამოცხადა და არ აპირებს დამლაგებლებთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმებას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები