ახალი ამბები
ახალგორის რაიონში გაჭირვებულ მოსახლეობას შეშას ურიგებენ
ახალგორის რაიონში ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას ზამთრისთვის შეშას აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, შეშა დღეის მონაცემებით 23-მა ოჯახმა მიიღო.

ახალგორის (ლენინგორის) რაიონის ადმინისტრაციის გამგეობის პრესმდივანმა ანჟელა კოკოევმა სააგენტო ,,რესს'' განუცხადა, რომ შეშას კიდევ 17 ოჯახი მიიღებს.

"ზამთრობით შეშის მიწოდება სოფლის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიცოცხლო საკითხია, გაზის უქონლობის გამო სახლების გასათბობად ერთადერთი გზა შეშის ღუმელია", - განაცხადა კოკოევმა.

ახალგორის (ლენინგორში) რაიონში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის მიერ დანიშნული გამგებლის, ილარიონ გაგიევის თქმით, დახმარებას უწევენ მარტოხელა პენსიონერებს, შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მათ, ვისაც დახმარება სჭირდება და ზამთრისთვის შეშის დამოუკიდებლად მომზადებას ვერ ახერხებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები