ახალი ამბები
უფლისციხის არქეოლოგიური ექსპედიციის დაწყებიდან 65 წელი გავიდა
2022 წლის 22 ნოემბერს, უფლისციხის არქეოლოგიური ექსპედიციის 65 წლის იუბილის აღსანიშნავად, მუზეუმ-ნაკრძალის სააქტო დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო სესია.

სესია მიეძღვნა არქიტექტორ თინათინ ქარუმიძეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა უფლისციხის, საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური კლდეში ნაკვეთი ძეგლის შესწავლაში. ის სიცოცხლის ბოლომდე (1958-1981) დაუზოგავი ენერგიითა და შემართებით ემსახურა უფლისციხის არქელოგიურ ექსპედიციასა და მუზეუმის ძველი ქართული ხელოვნების განყოფილებას.

თინათინ ქარუმიძე იკვლევდა უფლისციხის არქიტექტურასა და შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლებსაც. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დიდ დახმარებას უწევდა მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომლებს სამუზეუმო საქმის შესწავლაში.

მისი ჩართულობით უფლისციხისა და შუა საუკუნეების ხელოვნების ფონდებს შეემატა მრავალი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და არქიტექტურული არტეფაქტი, მათ შორის, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოძიებული ქვის სტელები და ეკლესიების ფრაგმენტები.

სესიის პარალელურად მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილი იყო უფლისციხეში გამოვლენილი არტეფაქტების ინსპირაციით შექმნილი მხატვარ-არქეოლოგ ხათუნა სონღულაშვილის ნამუშევრების გამოფენა.

აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგნენ:

▪️ ნაზი ხუნდაძე - "უფლისციხის შესწავლის ისტორიის III პერიოდი"
▪️ ნონა ხარატიშვილი - "შალვა ამირანაშვილის წვლილი საქართველოს არქეოლოგიის განვითარებაში"
▪️ ლევან ლოსაბერიძე - "ლაშეთხევის მრავალფენიანი ნამოსახლარი"
▪️ მანანა წერეთელი - "მხატვრული სტილის ფორმალური ნიშნები"
▪️ თათია ქემერტელიძე - "ქართები, უფლისციხელები ადრეანტიკურ ხანაში"
▪️ ამირან ნადირაშვილი - "შიდა ქართლის ელინისტური ხანის შავპრიალა კერამიკის ნაწარმი"
▪️ ნუცა ყიფიანი - "ტერაკოტის ორი ნიღაბი ხელოვნების მუზეუმიდან"
▪️ გიორგი მახარაძე - "უფლისციხე ძვ.წ. II საუკუნის მეორე ნახევარში"
▪️ ნანა კაპანაძე - "V-VII საუკუნეების კერამიკა მოდინახეს სამაროვნიდან"
▪️ ნანა გოგინაშვილი - "უფლისციხეში აღმოჩენილი არტეფაქტები და მათი რესტავრაცია -კონსერვაცია".

ღონისძიება მოეწყო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები