ახალი ამბები
რატომ შეიძლება იყოს ფოტოზე ფიროსმანი? - მურად მთვარელიძის არგუმენტი
ხაშურის მუზეუმში გუშინ გამოაქვეყნეს ფოტო, სადაც სავარაუდოდ ნიკო ფიროსმანია გამოსახული.

ფოტო ხაშურის რკინიგზელებმა გადაიღეს. მუზეუმის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ ნიკო ფიროსმანიშვილია.

მუზეუმის თანამშრომლის მურად მთვარელიძის ცნობით, ნიკო ფიროსმანიშვილს (ფიროსმანს) ბინა ნაქირავები ჰქონდა იმ სახლის სიახლოვეს, სადაც ფოტო ინახებოდა:

,,1886 წლის ,,საოჯახო სიების" მიხედვით, ხაშურში სახლობს თევდორაშვილების სამი ოჯახი (გაუყოფლად): 1. ანდრია იოსების ძე - 38 წლს, 2. ანდრიას ძმა შიო, 31 წლის 3. ანდრიას ბიძაშვილი თევდორე გიორგის ძე - ასევე 31 წლის. ეს ადამიანები ასაკობრივად უახლოვდებიან ფიროსმანის ასაკს. ამ ფოტოზე მათგან ერთ-ერთი (შეიძლება ორიც ან სულაც სამივე) უნდა იყოს გამოსახული. ოჯახის გადმოცემით და ლოგიკურადაც, რაკი ფოტო ამ ოჯახში ინახება, ეს ნიშნავს, რომ მასზე აღბეჭდილ ადამიანთა შორის ერთ-ერთი მაინც მათი წინაპართაგანია. ფიროსმანს, გარდა იმისა, რომ მათ სახლში ან იქვე, მეზობლად ჰქონდა ოთახი ნაქირავები, შეეძლო ემეგობრა ამ სამ პირთან.'' - აღნიშნავს მურად მთვრალიძე.



მუზეუმის ადმინისტრაციამ გუშინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა:

საზოგადოების წინაშე პირველად წარვადგინეთ ფოტო, რომელზეც, ჩვენი აზრით, სხვა პიროვნებებთან ერთად, ნიკო პიროსმანი უნდა იყოს გამოსახული. რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, რითაც აზრს, რომ ფოტოზე ფიროსმანია გამოსახული, კიდევ უფრო განვამტკიცებთ:

1. ფოტო აღმოჩნდა, სწორედ, ხიდირბეგიშვილების კოშკისა და ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის უბანში, სადაც ფიროსმანი კონდუქტორად მუშაობისას ცხოვრობდა კერძო სახლში;
2. ნიკო ფიროსმანიშვილი ხაშურში, რკინიგზაზე მუშაობდა 1890 წლის 14 აპრილიდან 1890 წლის 23 ოქტომბრამდე მემუხრუჭე კონდუქტორად #2167;
3. ფიროსმანი ხაშურში 8 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ფოტო გადაეღო;
4. ფოტო არის პასპარტუზე, არის ფოტოსტუდიის პროდუქტი, დაბეჭდილია, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ბოლოს, ფოტოსტუდიაში;
5. ხაშურის რკინიგზაზე მუშაობისას ის, სავარაუდოდ, 28 წლის იყო; ფოტოზე გამოსახულია, სწორედ, ამ ასაკის ადამიანი;
6. მას ძალიან უყვარდა ევროპული ტანსაცმელი, მისი ჩაცმულობა ფოტოზე ნათლად ჩანს. სხვათა შორის, ფოტოზე გამოსახულ ყველა პიროვნებას(სავარაუდოდ, ოსტატებსა და შეგირდებს), ახურავთ, ან წინ უდევთ ამქრის წევრების ქუდები, გარდა ჩვენთვის საინტერესო პიროვნებისა;
7. ფოტოზე ფიროსმანი აღბეჭდილია სწორედ იმ წრის ადამიანებთან, რომელ წრეშიც ის მუდამ ტრიალებდა; პიროვნება, ვისი ოჯახიდანაც ფოტო წამოვიღეთ, იოსებ ლომსაძე, დედის მხრიდან, არის შთამომავალი თევდორაშვილების ცნობილი ოჯახიდან, რომლებიც ძირძველი ხაშურელები და ვაჭართა წარმომადგენლები იყვნენ. ოჯახის დიდი პაპა, კოლია თევდორაშვილი ხელოვანი ადამიანი, ხაშურის თეატრის მსახიობი იყო;
8. გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ ჩვენს მიერ მინიშნებული პიროვნების სახეზე(ვარცხნილობა, წვერი, თვალის ჭრილი, ასიმეტრიული სახე, ყურის ფორმა და ა. შ.)
Print

სტატიის გამოყენების პირობები