ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის პროფესორი სოსო ალიმბარაშვილი გარდაიცვალა
დღეს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა პროფესორი, ისტორიკოსი სოსო (იოსებ) ალიმბარაშვილი.

სამძიმრის წერილი გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გამოაქვეყნა.

სოსო ალიმბარაშვილმა დაამთავრა ქ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს.

1989-2010წწ. მუშაობდა გორის რაიონის ტინისხიდის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლად, ხოლო 1994-2010წწ.

ამავე სკოლის დირექტორად; 2008 და 2010 წლებში ორჯერ დასახელდა გორისა და გორის რაიონის საუკეთესო პედაგოგად, იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი პედაგოგი. დაჯილდოებულია საპატიო სიგელით "გორისა და ატენის ეპარქიის აღორძინების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის", 2020 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ გადაეცა დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის ჯილდო. 2019 წლიდან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ბრძანებით, საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის წევრია.

2010 წლიდან მუშაობს გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, სტრატეგიული განვითარების და საბიუჯეტო, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების უფროსის, კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე; 2016-2020 წლებში იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. პარალელურად, კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს ისტორიაში; 2012 წლიდან ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორია, 2013 წლიდან კი ასოცირებული პროფესორი. არის რამდენიმე ისტორიული რუკის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, წიგნისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი ნაშრომები დაბეჭდილია, როგორც საქართველოს ავტორიტეტულ გამოცემებში, ასევე საზღვარგარეთ (უკრაინა, თურქეთი, მექსიკა, რუსეთი). ისტორიის აკადემიური დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "ლეკიანობა და ქართლ-კახეთის სამხედრო-თავდაცვითი სისტემა", დაიცვა 2013 წელს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები