გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში მიწის ნაკვეთებს ხელით
ამუშავებენ.
საგაზაფხულო სამუშაოები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ტრაქტორების
გარეშე მიმდინარეობს.
შიდა ქართლის საინფორმციო ცენტრის ჟურნალისტები მოსახლეობას, სწორედ,
მიწის ნაკვეთებში მუშაობის დროს, გაესაუბრნენ.
ერგნეთის მკვიდრი კაკო კასრაძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან
საუბრისას ამბობს, რომ სოფლის ნაკვეთებში ტრაქტორებს ვერ
ამუშავებენ.
,,თხუთმეტი წლის დაუმუშავებელ ნაკვეთს ვბარავ იმიტომ, რომ ტრაქტორები
არაა სოფელში. არ შემოჰყავთ. ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს რომ
ვართ, ეშინიათ.“ - ამბობს კაკო კასრაძე.
„ისეთი ბაღი იყო ეს, რომ ამ ნაკვეთში 3 ტონა ხილი მომყავდა“ -
იხსენებს კიდევ ერთი ადგილობრივი ვახტანგ კასრაძე.
,,ადრე ჩვენი ტექნიკა გვქონდა, მაგრამ ზოგი მოიპარეს, ზოგი დაიწვა.
გვიჭირს. თავიდან ვიწყებთ ყველაფერს.“ - გვეუბნება ვახტანგ
კასრაძე.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ბაღებში ხეხილის ბაღები თითქმის
აღარაა. მაცხოვრებელთა ნაწილი ვაშლისა და მსხლის დარჩენილ ძირებს
მიწიდან იღებს.
„ამ ნაკვეთში ტანკებმა, ჯერ კიდევ ომის დროს, იმოძრავა. მსხლები,
ვაშლები წაქცეულები იყო. გადმოვიდა ტანკი, მოატრიალა ლულა და სულ ძირს
დაყარა ვაშლები, რა უნდოდა არ ვიცი“ - ამბობს კაკო კასრაძე.
სტატიის გამოყენების პირობები