ახალი ამბები
ქალაქ კასპში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა
ქალაქ კასპში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი მონაწილეებს ზრდასრულთა განათლების მრავალკომპონენტიან პაკეტს (ALP) სთავაზობს, რომელიც მოიცავს: პიროვნული განვითარების პროგრამას, პროფესიულ განათლებას, განათლებას კულტურის სფეროში, სამოქალაქო განათლებას, ფინანსურ წიგნიერებას, ახალგაზრდების, სპორტისა და ჯანმრთელობის პროგრამებს.

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International საქართველოს სათაო ოფისის მიერ დაარსებული მე-14 ცენტრია.



დაარსდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით და კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

DVV International საქართველოს ოფისი 2006 წლიდან არის ჩართული ზრდასრულთა განათლების ცენტრების დაფუძნებაში საქართველოში. ცენტრები დაფუძნებულია გერმანული სახალხო უნივერსიტეტების გამოცდილებასა და მეთოდოლოგიაზე, რომელიც ადაპტირებულია ქართულ რეალობასა და მოსახლეობის საჭიროებებზე.



2006-2021 წლებში ცენტრებში ბენეფიციართა რაოდენობამ 200 000-ზე მეტს მიაღწია.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პირველი მდივანი, საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკური და პრესის დეპარტამენტის უფროსი, სარა ზიელონკა, უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ ქიტიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN), საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კასპის თემის წევრები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები