ახალი ამბები
საჯარო რეესტრის მიხედვით, გორის სოფელ ახალდაბაში სტალინის ბანერი სახელმწიფოს ტერიტორიაზეა დადგმული
საჯარო რეესტრის მიხედვით, გორის სოფელ ახალდაბაში სტალინის ბანერი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე დადგეს.

დოკუმენტების მიხედვით, მიწის ფართობი და მასზე დამაგრებული ბანერი არ ეკუთვნის იმ ბიზნესმენს, რომელზეც საუბრობენ, რომ მისი საკუთრებაა.

აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, სოფელ ახალდაბაში მცხოვრები ბორია მდინარიძე ფართობს ფლობს არხის მიღმა.

ბანერი კი იმ ღობეზეა დამონტაჟებული, რომელიც არხამდეა გავლებული.



ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ ჯერ ღობეა, შემდეგ არხი და შემდეგ იწყება საკალმახე. რეესტრის მიხედვით, კერძო ტერიტორია იწყება არხის შემდეგ. არხიც სახელმწიფოს საკუთრებაა და მისი შემოღობვის უფლება, ამ ფოტოდოკუმენტის მიხედვით, არ ჰქონდა კერძო მესაკუთრეს.

ბიზნესმენი ბორია (ბორის) მდინარიძე, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სარგებლობს ასევე შეღავათიანი აგროკრედიტით, თუმცა იქ მითითებულია, რომ დაფინანსებულია შერეული მეურნეობა. კონკრეტულად საკალმახე სარგებლობს თუ არა სახელმწიფო დაფინანსებით, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით არაა ნათელი.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ტელეკომპანია ,,ფორმულასთვის'' მიცემულ ინტერვიუში საუბრობს, რომ ბანერი კერძო საკუთრებაშია, თუმცა რაზე დაყრდნობით განაცხადა, არ განუმარტავს.

შეისწავლა თუ არა გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბანერის განთავსების საკითხი, ამას მომდევნო კვირაში გავარკვევთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები