ახალი ამბები
შესაძლოა "გორელ მეწარმეთა საზოგადოება" დაფუძნდეს
გორში შესაძლოა, გორელ მეწარმეთა საზოგადოება დაფუძნდეს.

ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს განყოფილების უფროსმა თამაზ მაყაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სახელწოდება ამ ეტაპზე პირობითია. თამაზ მაყაშვილი სტრატეგიული განვითარების სააგენტოში განყოფილების უფროსად ახლახანს დაინიშნა:

,,ამ რანგში, ჩემი პირველი სამუშაო შეხვედრა გავმართე გორის მუნიციპალიტეტში მოღვაწე, გამოცდილ და ახალგაზრდა მეწარმეებთან. მეწარმეობის მრავალწლიან გამოცდილებასთან ახალი ხედვების და მიდგომების შერწყმა საბოლოო ჯამში აუცილებლად შედეგის მომტანი იქნება, სწორედ ამის მცდელობა იყო ჩვენი პირველი შეკრება, რაზედაც ყველა მონაწილემ დადებითი შეფასება გამოთქვა'' - აღნიშნავს თამაზ მაყაშვილი.

მისი თქმით, გადაწყდა შეხვედრების ფორმატის გაფართოება:

,,უახლოეს დღეებში, სააგენტოს ხელშეწყობით, გორში დაფუძნდება "გორელ მეწარმეთა საზოგადოება" (სახელი პირობითია), რომელიც ძველი გამოცდილებით და ახალი ენერგიით, ჩაერთვება ჩვენი რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში. საქართველოს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, როდესაც ომებისგან ისვენებდა ქვეყანა, აღმშენებლობის-სწრაფი განვითარების დრო დგებოდა. თუ ჩვენს ხელთარსებულ ყველა რესურსს სწორად გამოვიყენებთ, რეგიონის ეკონომიკური წინსვლა შეუქცევადი პროცესი გახდება.'' - განმარტავს თამაზ მაყაშვილი.

ეს იდეა თამაზ მაყაშვილმა იმ შეხვედრა გააჟღერა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან და მცირე მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა USAID - ის ძლიერი სოფლის პროგრამაზე, რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას.

პროგრამის ფარგლებში უკვე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით.

საგრანტო კონკურსების მიზანია, ტურიზმის სექტორში ჩართული მიკრო და მცირე საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლებისა და რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირების გზით, ხელი შეუწყოს კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების განვითარებას სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

სრული ინფორმაცია საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულებზე

კულტურული ტურიზმი: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=436100

Print

სტატიის გამოყენების პირობები