ახალი ამბები
პროკურორის მოთხოვნით შიდა ქართლში არასრულწლოვნის მიმართ ადევნების ფაქტზე მამაკაცს 4 წელი მიუსაჯეს
პროკურატურის მოთხოვნით არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე შიდა ქართლში მამაკაცს 4 წელი მიუსაჯეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ 8-თვიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

როგორც შიდა ქართლის პროკურატურის პროკურორმა დავით გუმბერიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულმა ჩაიდინა ადევნება - პირადად პირის უკანონო თვალთვალი, რომელიც სისტემატურად ხორციელდებოდაა და იწვევდა პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

,,იგი სისტემატურად ახორციელებდა არასრულწლოვანის უკანონო თვალთვალს სკოლასა და საცხოვრებელ სახლთან, რის გამოც არასრულწლოვანი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს. აღნიშნულის გამო მოსწავლე სკოლიდან სახლამდე მარტო ვეღარ გადაადგილდებოდა, მას აცილებდნენ სკოლის მანდატური და კლასელები. ამასთან, აღარ სურდა სკოლაში სიარული და უნდოდა სხვა სკოლაში გადასვლა.'' - განაცხადა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა.

ბრალდებულს პატიმრობა ჯერ რეგიონის ერთ-ერთმი მუნიციპალიტეტის სასამართლომ მიუსაჯა, შემდეგ - თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

განაჩენი ბრალდებულის ადვოკატმა გაასაჩივა და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა დარღვევით, ამასთან, სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ბრალეულობა; დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები გაზვიადებულია და ეწინააღმდეგება, როგორც ერთმანეთს, ისე მათ მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს; გარდა ამისა, ქმედებას არ ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.

პროკურორი დავით გუმბერიძე არ დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას და მოითხოვა განაჩენის ძალაში დატოვება. სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორის მოთხოვნა და დაადგინა, რომ პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები