ახალი ამბები
ქარელის რესურსცენტრის უფროსმა ფეისბუქის გვერდი დაკეტა
ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გიორგი კობახიძემ ფეისბუქის გვერდზე წვდომა შეგვიზღუდა.

მისი პოსტები ახლა მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი, ვინც დამეგობრებული ჰყავს.

გიორგი კობახიძე იყო ერთადერთი საჯარო მოხელე, რომელმაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის მხარდამჭერი განცხადება, რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, გააკეთა.

აღნიშნული განცხადება პირველად ,,ქართლის ამბებმა'' გამოაქვეყნა.

,,მე არ ვიცი, რანაირია ამერიკული კანონი, რომლის გადმოთარგმნასაც ეს ხალხი აპირებს, ან რა წერია იმ კანონპროექტში, რაც უკვე დაწერეს, მაგრამ მე ვიცი, აქ რა ხდება, ჩვენს ქვეყანაში და აქ ხდება ის, რომ მთელი ქვეყნის განვითარება, ამ წუთში, დამოკიდებულია დასავლურ ფულზე.''

,,როცა ვიღაც განათლების რეფორმებს გიფინანსებს, სკოლებს გიშენებს და გირემონტებს, ჯარს გიწვრთნის, სამოქალაქო საზოგადოებას გივითარებს, ეკონომიკურ პროექტებს გიფინანსებს და კიდევ უამრავ სიკეთეს გიკეთებს, რის ჩამოთვლაც აქ შორს წაგვიყვანს, მაგას გავლენა კი არა, დახმარება ჰქვია.''

,,...და რამდენადაც, ხსენება რო არ მინდა, ის ქვეყანა არც არაფერს გაძლევს და არც არაფერს გივითარებს, ეს რაღაცა უბადრუკი კანონპროექტი სწორედ დასავლეთის დახმარების (და არა - გავლენის) წინააღმდეგ მიმართული გამოდის.''

,,...და თუ ვინმეს გავლენის წინააღმდეგ გვაქვს ეხლა საბრძოლველი, სწორედ რუსული გავლენაა და არა - დასავლური.'' - წერდა გიორგი კობახიძე.



რაც შეეხება რეგიონის სხვა რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გოგუაძემ საერთოდ დაგვბლოკა. გოგუაძე ცოტა ხნის წინ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრად დანიშნა. იგი ამ პოზიციას მესამედ იკავებს.

ფოტოზე: ნათია ილურიძე (კასპის); გიორგი კობახიძე (ქარელის), ზვიად გოგუაძე (ხაშურის) და ნანა ტერმაკოზაშვილი (გორის) რესურსცენტრების ხელმძღვანელები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები