ახალი ამბები
ბერშუეთში პოლიციელები და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბერშუეთში პოლიციელები და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაკავებულია 4 ადგილობრივი მკვიდირი - 30-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცები, მათგან ორი ერთი ოჯახის წევრია:

,,ჩვენს სოფელში საგუშაგო მდებარეობს. მანქანით ჩამოიარა ერთ-ერთმა ბიჭბა, როგორც ჩანს ნასვამი იყო, ნაკვეთიდან ბრუნდებოდა დაღლილი. პოლიციელმა დაუძახა, გააჩერეო. ამან საყვედურით უპასუხა, ხომ იცი, რომ აქაური ვარ, რაღას მაჩერებო. ნაკვეთიდან მოდიოდა დაღლილი. ამას მოყვა შელაპარაკება. პოლიციელებმა მისი დაკავება სცადეს. ბავშვმა დაიძახა, ძიას იჭერენო, გამოვიდა მის დასახმარებლად თითქმის მთელი სოფელი. ჩვენებურ ბიჭს სხვებიც მიეხმარნენ. არ ატანდნენ. ამდენი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა, ცუდი სიტუაცია იყო'' - გვეუბნება ადგილობრივი.

როგორც სოფლის წარმომადგენელი, დავით ცერცვაძე ამბობს, შემთხვევა დაახლოებით ორი დღის წინ მოხდა: ,,ინციდენტი ნამდვილად მოხდა, დეტალები არ ვიცი, მაგრამ დაპირისპირება ნამდვილად იყო'' - გვეუბნება დავით ცერცვაძე.

სოფლის დეპუტატი კობა ბერიანიძე აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს, დაზიანებები სავარაუდოდ ორივე მხარეს ექნება: ,,ეს ბიჭები, ვინც დაკავებულია, მშრომელი ბიჭები არიან, იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება'' - ამბობს კობა ბერიანიძე.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

,,4 ადამიანი არის დაკავებული. 2 დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით; 2 დაკავებულია საქართველოს ა.ს.კ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები