ახალი ამბები
,,ჩემ ნახაზებს იყენებენ და თანხას არ მიხდიან'' - ხაშურის მერიას ამზომველი უჩივის
თორნიკე ფართლაძე, რომელმაც ხაშურის მერიას სხვადასხვა შენობებზე აზომვითი ნახაზები მოუმზადა, ანაზღაურების გარეშე დატოვეს.

თანხის ასანაზღაურებლად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

როგორც თორნიკე ფართლაძემ გვითხრა, მერიას 20-მდე შენობის ნახაზი ჩააბარა, მაგრამ თანხა, დაახლოებით 1600 (ათასექვსასი ლარი) არ აანაზღაურეს.

,,როცა ხელშეკრულება დავდეთ, მითხრეს, რომ ამა და ამ შენობის ნახაზები მოგვიმზადეო. მე პირნათლად შევასრულე ჩემი მოვალეობა. ყველა სამუშაო შევასრულე და გავუგზავნე მერიას, ჩაიბარეს, მაგრამ მერე მაცნობეს, რომ თანხას ვერ აგინაზღაურებთო'' - ამბობს თორნიკე ფართლაძე.

როგორც ხაშურის მერიიდან მას განუმარტეს, თანხას ვერ აანაზღაურებდნენ იმის გამო, რომ დაკვეთა წერილობითი ფორმით არ იყო გაცემული:

,,მითხრეს, რომ დაკვეთა წერილობითი ფორმით, ოფიციალურად უნდა მოგვეცაო. მაგრამ ეს რა ჩემი ბრალია? მე ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ვმუშაობ. აგერ, ახლა თელავის მერიის ტენდერში მივიღე მონაწილეობა და მითხრეს, შავ სიაში ხარო, თურმე ხაშურის მერიის გამო. მაგათ თუ წერილობითი მომართვა არ გამოუგზავნიათ ჩემთვის, მე რა შუაში ვარ? ჩემი ნახაზები ჩაბარებულია და იყენებენ კიდეც'' - აცხადებს ამზომველი.

ხაშურის მერიამ თორნიკე ფართლაძე შავ სიაში 2023 წლის 22 მარტს შეიყვანა. ამზომვლელი ამჟამად იურისთან გადის კონსულტაციას და არ არის გამორიცხული, სამართლებრივი დავა დაიწყოს მერიის წინააღმდეგ. ხაშურის მერიის განცხადებით, ამზომველმა დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა, თუმცა თორნიკე ფართლაძე აცხადებს, რომ ელექტრონული ფოსტით ყველა მიმოწერა შენახულია, სადაც ჩანს, რომ მან მერიის შეკვეთა პირნათლად შეასრულა და ნახაზები ჩააბარა.

ფოტოზე: ხაშურის მერი და მისი მოადგილე
Print

სტატიის გამოყენების პირობები