ახალი ამბები
,,ჩილის უქმე'' - დიდი ხუთშაბათის ტრადიცია ატენის ხეობაში
ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას მიერ ატენის ხეობაში მოპოვებული მასალებით, აღდგომის წინა ხუთშაბათს სცოდნიათ „ჩილის უქმე“.

ამის შესახებ გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი თამილა კოშორიძე თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს.

„დილით ადრე ოჯახის უფროსი ქალი დასჭრიდა წვრილად მატყლს და ოთხივკუთხივ შეარჭობდა კედლებში ჩრჩილისათვის - „ამაზე მეტი საჭმელი არაფერი გქონდეთო“. ამ დღეს ხელსაქმეს არ აკეთებდნენ. არ ეკარებოდნენ სკივრს, განჯინას და იმ ადგილს, სადაც ტანსაცმელს ინახავდნენ“

თამილა კოშორიძე წერს, ჩილის უქმე სცოდნიათ ლიახვის ხეობაშიც, თუმცა სხვა პერიოდში:

,,მის იერ ლიახვის ხეობაში დადასტურებული მასალის მიხედვით „ჩილის უქმე“, სცოდნიათ საშობაო მარხვის ერთ-ერთ ორშაბათს. ამ დღეს არ მუშაობდნენ (ალბათ ძირითადად ქალები), რომ ჩილმა (ჩრჩილმა) მატყლის ქსოვილი არ გააფუჭოსო. დიასახლისი აიღებდა ცოტა მატყლს და სახლის თაროში შესდებდა, რომ ჩრჩილს ეს მატყლი ეჭამა და სხვა შალის ქსოვილს არ მიჰკარებოდა.'' - აღნიშნავს თამილა კოშორიძე თავის ნაშრომში.

საინტერესოა, რატომ იყო აკრძალვის დღეები შიდა ქართლის სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა დროს. გორელი მეცნიერი განმარტავს:

,,უფრო ლოგიკურია „ჩილის უქმე“ დიდმარხვაში ყოფილიყო, რადგან სწორედ ამ დროს იღვიძებს ჩრჩილი და მისი აქტიურობაც ზაფხულის სიცხეში აღწევს პიკს. ამიტომ ვფიქრობთ, აქ რაიმე შეცდომასთან ხომ არ გვაქვს საქმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ განხილული რამოდენიმე დღესასწაული და აკრძალვა წარმოადგენს საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ და განმტკიცებულ ხალხურ ჩვევას, თუმცა მათი აღნიშვნა საეკლესიო კალენდრის მიხედვით ხდებოდა.'' - წერს თამილა კოშორიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები