ახალი ამბები
,,ვარიანი ვალიანი, უტყეო და ქარიანი“ - სოფელი იაკობ გოგებაშვილის დროს
დღეს დედაენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გორში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. თუმცა ყურადღების ცენტრში მაინც ვარიანი ექცევა, სადაც დედა ენის შემქნელი იაკობ გოგებაშვილი დაიბადა.

,,სოფელი ვარიანი, სადაც იაკობი დაიბადა, მეტად ჭაობიანი და ქარიანი სოფელია. ამ სოფლის მცხოვრებნი წინათ ძალიან ღარიბი და ჩარჩ-ვაჭრებისგან დავალიანებულნი იყვნენ.'' - წერს შალვა გოგებაშვილი თავის წიგნში ,,იაკობის სამრეკლო'', რომელიც 1990 წელს გამოქვეყნდა.

,,ამ სოფლის ვითარებას'' - აღნიშნულია წიგნში, - ,,საუცხოოდ ახასიათებს თვით ვარიანელების მიერვე გამოთქმული შაირი: ,,ვარიანი ვალიანი, უტყეო და ქარიანი"

,,იაკობს ძალიან აინტერესებდა სოფლის ცხოვრება და დიდ მზრუნველობას იჩენდა თავის მშობლიურ, მეტად ღარიბ სოფელ ვარიანის მიმართ. როდესაც სოფლიდან მასთან მივდიოდი, მთხოვდა, რომ დაწვრილებით მეამბნა, თუ როგორ ცხოვრობს გლეხობა და რა გაჭირვება ადგიათ მათ, განსაკუთრებით ჩარჩ-ვაჭრებისგან. როდესაც მგზავრს ვინმეს ნახავდა, უსათუდოდ ქინაქინს თან გაატანდა დიდი რაოდენობით: ვარიანელ გლეხებს დაურიგეთ, იქ ციება იცის, გაჭირვებულ გლეხებს დაეხმარეთო.



იაკობს ძალიან აწუხებდა ის გარემოება, რომ სოფელ ვარიანში არ იყო სკოლა, ამიტომ განიზრახა თავისი ხარჯით მოეწყო. მაგრამ ჯერ ძალზედ გაჭიანურდა სკოლის გახსნის ნებართვის აღება, შემდეგ კი, როგორც კი ნებართვა აიღო, სოფელში დატრიალდნენ პროვოკატორები, რომლებიც გლეხობას აქეზებდნენ: სკოლა თქვენ დაგღუპავთ, თქვენს შვილებს სამუშაოზე მოაცდენსო. პროვოკაციამ გასჭრა - კინაღამ სკოლისათვის აღმოჩენილი ბინა ძირიანად დასცეს. ამ ამბავმა იაკობი ძალიან შეაწუხა და იძულებული გახდა სკოლის გახსნა შემდეგი წლისთვის გადაედო. ოფიციალურად სკოლის გახსნამდე კი, შინაურულად სწავლება დაავალა თავის ძმისწულს ალექსანდრე გოგებაშვილს და შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. სოფ. ვარიანს მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დროს ეღირსა არა მხოლოდ უბრალო პირველდაწყებითი, არამედ სრული საშუალო სკოლა, რომელიც ამჟამად მოთავსებულია იმ სახლში, სადაც დაიბადა იაკობ გოგებაშვილი“

შალვა გოგებაშვილი
წიგნი ,,იაკობის სამრეკლო", 1990 წელი, გვ. 368

ქვემოთ ფოტოზე: ალექსანდრე გოგებაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები