ახალი ამბები
დვანში რუსეთის სამხედროებმა ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 18 აპრილს გაავრცელა.

დაკავებულია 35 წლის ასაკის მამაკაცი, რომელიც აღდგომის დღესასწაულს, დვანის წმ. გიორგის ეკლესიის სიახლოვეს თანასოფლელებთან ერთად აღნიშნავდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი მცირე ხნით სადღესასწაული სუფრიდან შორიახლოს გავიდა. როგორც შემდეგ გაირკვა, რუსეთის სამხედროებმა დააკავეს.

,,უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.'' - აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობაში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, 2023 წლის მარტში, გამყოფ ხაზთან 23 მოქალაქე იყო დაკავებული.

სააგენტო ,,რესის' ცნობით, 10-მა პირმა დაარღვია ,,საზღვარი'', ხოლო 13-მა მოქალაქემ - ,,სასაზღვრო რეჟიმი.''

"შედეგად 18 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, ხოლო 5 პირი გაფრთხილებულია", - ციტირებს ,,რესი'' დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებას.

ცხინვალის ,,კგბ'' არ აკონკრეტებს, თუ რომელი მხრიდან დაირღვა ე.წ. საზღვარი, თუმცა განცხადების მიხედვით, ჩანს, რომ დაჯარიმებულ პირებს შორის ის მოქალაქეებიც არიან, რომლებიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მაგალითად, ,,კგბ'' მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ე.წ. სასაზღვრო ზონაში მდებარე ტერიტორიებზე სეზონური სახნავი და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ნებართვის ასაღებად საბუთები წინასწარ უნდა წარადგინონ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები