ახალი ამბები
ხაშურში მოქალაქე უფასო ადვოკატს ითხოვს მერიის წინააღმდეგ დავაში
ხაშურში მოქალაქე ზ.მ უფასო იურიდიულ დახმარებას ითხოვს იმ საქმეზე, რომელიც მერიის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

საქმე 120 კვ.მ მიწის ფართობს ეხება, რომელიც მოქალაქე ზ.მ. განცხადებით, მას ეკუთვნის, თუმცა მერიის განკარგულებაშია.

მოქალაქემ ხაშურის რაიონულ სასამართლოს ჯერ კიდევ 2021 წლის 27 ოქტომბერს მიმართა.

როგორც მერიამ მოქალაქეს განუმარტა, მიწის ნაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1979 წელს ხაშურის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა მიიღო. შემდეგ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მფლობელი, როგორც სამართალმემკვიდრე, ხაშურის საკრებულოს გამგეობა 1995 წელს გახდა.

1997 წელს კი ხაშურის რაიონის გამგეობა. საბოლოოდ კი, მერიამ - 2021 წელს დაეპატრონა.

ამჯერად, მოქალაქეს უწევს ყველა ზემოთჩამოთვლილი უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისთვის ბრძოლა, რასაც ფინანსები ჭირდება.

მოქალაქე არგუმენტად იშველიებს იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე პრიმა მუხლს, რომლის მიხედვით, გადახდისუუნარო პირისთვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები