ახალი ამბები
ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა პოლიციელების მხრიდან - გორი ღამით
გორში, ღამით პოლიციელები მოქალაქეებზე ძალადობენ, ასევე, მათი აგრესიის ობიექტი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან.

,,იმის ნაცვლად, რომ მათი არსებობა მოქალაქეებს დაცულობის განცდას უჩენდეს, პირიქით, იწვევენ აგრესიას.'' - ამბობს ლექსო ვალიაური, რომელიც გორში, პოლიციელების მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის ობიექტი გახდა.

გვიან ღამით ის სადგურის დასახლებაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს იმყოფებოდა. მათთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლექსო ვალიაური იხსენებს, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები მის მიმართ აგრესია დიდი ხანია ავლენენ და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი:

,,მოითხოვეს ფოტოს გადაღება. სრულიად იდენტიფიცირებული პირი ვარ მათთვის. ვუთხარი ჩემი პიროვნების შესახებ, მივუთითე საცხოვრებელი სახლი. მათ მაინც გამოხატეს აგრესია, დამამცირებელი მოპყრობა. გავაპროტესტე ასეთი უკანონო ჩანაწერის გაკეთება და შემდეგ პოლიციელების ჩატში ჩაგდება.. მათ ეს სიამოვნებას გვრის, რომ ვიღაცას ფოტოს უღებენ. ბოლოს ავწიე ხელები და ვუთხარი, ასე გადამიღეთ, როგორც პატიმარი-მეთქი'' - აცხადებს ლექსო ვალიაური.

როგორც მან უკანონო ჩანაწერის, ფოტოს გადაღება გააპროტესტა, პოლიციელებმა გინება დაუწყეს და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. დამამცირებელი მოპყრობა, აგდებით საუბარი და შეურაცხყოფა მანქანაში უფრო გაგრძელდა:

,,ეს იყო პირველ რიგში, თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ის, რაც ხდებოდა მათ მანქანაში, ეს კიდევ ცალკე ამაზრზენი სიტუაცია. მოვითხოვე მათი სახელისა და გვარების დასახლება. როგორც მახსოვს, ერთ-ერთმა თქვა თემურ ტაბატაძე. ასე უკანონო პატიმარი ქალაქის ქუჩებში მატარეს, შემდეგ კი, ხიდთან ჩამომსვსეს, ამას არ ჰქვია მანქანიდან გადმოსვლა. ამას ქვია ჩამოგდება, ეს არის არააადამიანური მოპყრობა'' - ამბობს ლექსო ვალიაური.

ლექსო ვალიაურიმა საქმესთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციას მიმართა.. ფაქტს სპეციალური საგამოძიებო კომისია იძიებს.

ლექსო ვალიაურს მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დღეს მის გვერდით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ანი ბალიაშვილი და ნინო ლოთიშვილი დადგნენ. მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე გორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ფანქველაშვილმა. მათი თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ ქალაქში ქურდობა, ყაჩაღობა და კრიმინალი აღკვეთოს, დაკავებულები არიან პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების დევნით და დაშინებით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები