ახალი ამბები
რატომ წავიდნენ ,,უცნობის'' აქციაზე კარბის საბავშვო ბაღის თანამშრომლები
მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) თბილისში რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართა სლოგანით - ,,მოვდივართ''.

ამ აქციაზე იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საბავშვო ბაღის თანამშრომლები.

აღმზრდელებმა მსახიობებთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, ფოტოზე ჩანს ბაღის დირექტორი და ექთანი. თუმცა, როგორც საბავშვო ბაღის დირექტორი ლია გაბლიშვილი განმარტავს, ეს ფოტო გამოქვეყნებული იყო მხოლოდ ფეისბუქმეგობრებისთვის და იქ სხვა თანამშრომლებიც იყვნენ.

ცნობისათვის, ,,უცნობის'' აქციის მონაწილეები ხელისუფლებას "სამშვიდობო პოლიტიკისთვის" აქებდნენ და ოპოზიციას აკრიტიკებდნენ. აქციაზე არაერთი ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადება გაკეთდა.

კარბი მდებარეობს გამყოფ ხაზთამ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ბომბები ჩამოვარდა. დირექტორი ლია გაბლიშვილი კი სოფელ ზარდიანთკარიდანაა, რომელიც ასევე გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ორივე სოფელი რუსული ოკუპაციის წნეხს წლებია განიცდის.

მაშ, რატომ წავიდნენ კარბის საბავშვო ბაღის თანამშრომლები იმ აქციაზე, სადაც ანტიდასავლური განცხადებები გაკეთდა?

ბაღის დირექტორი ლია გაბლიშვილი აქციაზე ყოფნას არ უარყოფს, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ იგი და მისი თანამშრომლები პრორუსული განწყობებით წავიდნენ:

,,ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაზარალებული ამ ომისგან. ჩვენ დღესაც ომში ვართ, ამიტომ, იმის თქმა, რომ ჩვენ პრორუსებს მხარს ვუჭერს, კატეგორიულად მიუღებელია. მე იმაზე მწყდება გული, რომ ჩვენი ფოტო პირადი გვერდიდან მოიპარეს, ისე, რომ არც გვკითხეს. მერე სადღაც გვერდებზე ვკითხულობ, რომ ფულს თურმე პრორუსულ აქციაზე სიარულში ვიღებთ.'' - აცხადებს ლია გაბლიშვილი.

მისი თქმით, ანაზღაურებას იღებენ იმაში, რომ დილის 9 საათიდან 18 საათამდე ბავშვების აღზრდით არიან დაკავებულები:

,,ეს აქცია იყო კვირა დღეს. იქ იყვნენ საქართველოში ცნობილი ადამიანები და ჩემთვის დიდი პატივია მათთან ფოტოს გადაღება. მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვემსახურებით იმ ბავშვებს, რომლებიც ყოველდღიურად ომის პირობებში არიან. ვულამაზებთ ცხოვრებას. ძალას და ენერგიას არ ვზოგავთ. სხვები კი მზარმზარეული, მოპარული ფოტოებით მუშაობენ. აი, ეს არის საწყენი. მე თქვენ გრთავთ ნებას, რომ გამოაქვეყნოთ ეს ფოტო, ჩემთვის არაა პრობლემა, მაგრამ ელემენტარულად უნდა მკითხონ, რატომ გადავიღე ეს ფოტო, სად გადავიღე, როდის და რატომ.'' - აცხადებს ბაღის დირექტორი.

სხვა კომენტარის გაკეთებისაგან ბაღის დირექტორმა თავი შეიკავა.

რაც შეეხება აქციას, ორგანიზატორები ხელისუფლებას მადლობას უხდიან იმისათვის, რომ დღეს საქართველოში ომი არაა და რომ დასავლეთს სურს ომში ქვეყნის ჩართვა. აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს არის რუსული ნარატივი და დასავლეთს არასდროს მოუთხოვია რუსეთთან საქართველოს ომში ჩართვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები