ახალი ამბები
მეჯვრისხევში რუსეთის სამხედროებმა მწყემსი დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევში რუსეთის სამხედროებმა მწყემსი დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული გიორგი ტერაშვილი ცხინვალში გადაიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შემთხვევა დღეს მოხდა.

"აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა სასჯელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იხდის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები