ახალი ამბები
სანქცირებულმა მოსამართლეებმა გორში წვეულება დემონსტრაციულად გამართეს
საქართველოს საერთო სასამართლოების 300-მა მოსამართლემ გორში საზეიმო წვეულება გამართა.

მათ შორის იყვნენ სანქცირებული მოსამართლეები.

წვეულება მიეძღვნა იმ დღესასწაულს, რომელიც 15 მაისს აღინიშნება - ესაა მოსამართლეების დღე. თუმცა, მოსამართლეებმა სადღესასწაულო სუფრა 3 დღით ადრე, 12 მაისს გაშალეს.

როგორც ლევან მურუსიძემ, ერთ-ერთმა სანქცირებულმა მოსამართლემ განაცხადა, დაპატიჟებული იყო ყველა, 340 მოსამართლე, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ისინი გორში წვეულებას არ დაესწრნენ.

ისინი, ვინც სუფრაზე არ იმყოფოდნენ, წინასწარი ინფორმაციით, არიან ისინი, ვინც ცოტა ხნის წინ, აშშ-ში იყვნენ მიწვეულნი.

რატომ გადაწყვიტეს ღონისძიების აღნიშვნა გორის რესტორანში?

როგორც ცნობილია, იმ დროს, როდესაც აშშ-მს საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს სანქციები დაუწესა, გორის ერთ-ერთმა რესტორანმა ,,რესტო-ბარმა'' ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისინი სანქცირებულ მოსამართლეებს რესტორანში არ შეუშვებდნენ.

ამის საპასუხოდ, მოსამართლეებმა დემონსტრაციულად გორში გამართეს წვეულება, თუმცა სხვა რესტორანში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები