ახალი ამბები
ხაშურში ბიბლიოთეკის შენობის კედელი ჩამოინგრა
ქალაქ ხაშურში ბიბლიოთეკის შენობის კედელი ჩამოინგრა. ნგრევისას არავინ დაშავებულა.

შენობის წინა მხარე გარემონტებულია, თუმცა უკანა მხარე საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია.

როგორც ხაშურის საკრებულოს წევრმა, მაკა დიდებულიძემ გვითხრა, შენობა 1900-იან წლებშია აშენებული. 

,,კედელი, რომელიც ჩამოინგრა, შენობის უკანა მხარესაა, ეს ოთახი არ იყო განკუთვნილი მკითხველისთვის ან თანამშრომლებისთვის. ძირითადად, წიგნადი ფონდის საცავს წარმოადგენს. მე 8 წელი ვიმუშავე ბიბლიოთეკაში. გარდა იმისა, რომ შენობა ძველია, მდებარეობს რკინიგზის სიახლოვეს და ეს ფაქტორიც მოქმედებდა შენობის მდგრადობაზე. 3 წლის წინ, პროექტიც შეადგინეს მერიაში, ახალი შენობის ასაშენებლად, მაგრამ ამ პროექტის განხორციელებას პანდემიამ შეუშალა ხელი'' - ამბობს საკრებულოს წევრი. 

კედლის ჩამონგრევის შემდეგ, საჭირო გახდება წიგნადი ფონდის სხვა ოთახებში გადატანა. თუ წიგნებისთვის შენობის რომელიმე სივრცეში ადგილი არ მოიძებნება, სავარაუდოდ, მეზობლად მდებარე საცხოვრებელ სახლში, დროებით დააწყობენ.

ფოტო: ხაშური ჩემი ქალაქია
Print

სტატიის გამოყენების პირობები