ახალი ამბები
სურამში ბაიანთხევის წიწვოვან ტყეში დასხმული ბეტონი დაინგრევა - აცხადებენ მერიაში
სურამში ბაიანთხევის წიწვოვანი ტყეში ბეტონი დაასხეს. ფაქტის ამსახველი ფოტო დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფოტოზე ჩანს, რომ ხეები მთლიანად ჩაბეტონებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხეები გახმობას დაიწყებს, რადგან ნიადაგი არ დატენიანდება.

სურამი ჰავითა და წიწვოვანი ტყეებითა გამორჩეული ადგილია.

ვინ დაასხა ბეტონი? ამ კითხვით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედახმედველობის სამსახურს მივმართეთ. ხელმძღვანელის შოთა კუჭაიძის თქმით, მთავარია ფაქტზე რეაგირება დაიწყო, ხოლო ვინ გააკეთა ეს, ამას არ გვეუბნება. გვიხსნის, რომ პერსონალური ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს.

,,დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება. ყველა ვარიანტში ბეტონის დემონტაჟი მოხდება. გარდა ამისა, მსგავსი ქმედება ითვალისწინებს ჯარიმებს. ოდენობა განისაზღვრება მოკვლევის შემდეგ'' - გვეუბნება ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

როგორც ირკვევა, ბეტონი ახალი დასხმულია, ამიტომ, ხაშურის მერიაში ირწმუნებიან, რომ ფოტო რომც არ გავრცელებულიყო, რეაგირება მოხდებოდა.

მაგალითად, მერის წარმომადგენელი ირაკლი ჩადუნელი ყვება, რომ სავარაუდოდ, ბეტონი ამ შაბათ-კვირას, უქმე დღეებზე დაასხეს, რადგან მისი თქმით, სამუშაო დღეს ყოველთვის შემოვლაზე იმყოფება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები