ახალი ამბები
სატყეო სააგენტოს ცნობით სურამის ტყეში მიტაცებულ ტერიტორიას ბეტონის ფენისგან ათავისუფლებენ
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბეტონის ფენის მოხსნა, რის შემდეგაც, მოხდება გარემოზე მიყენებული ზიანის შესწავლა - მიწის დეგრადაციისა და ნაყოფიერი ფენის შესწავლა და შესაბამისად დაანგარიშდება ზარალი.

როგორც ცნობილია, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, გამოავლინეს სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების რამდენიმე ფაქტი, რომლებზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

სააგენტოს ცნობით, 11 მაისის მდგომარეობით, თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიებზე, არ ფიქსირდებოდა სამუშაოების, კერძოდ ბეტონის დასხმის არანაირი კვალი. სამართალდამრღვევმა, აღნიშნული ტერიტორიის ბეტონით დაფარვის სამუშაოები 12-14 მაისს (უქმეებზე) განახორციელა.

ფაქტის შესწავლით დადგინდა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის ნაწილი - 267 კვ.მ. წარმოადგენს სახელმწიფო ტყის, ხოლო - 117 კვ.მ. მუნიციპალურ ტერიტორიას. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება შესამაბის უწყებებს.

ამ ეტაპზე, არც სატყეო სააგენტო, არც მერია არ ავრცელებს ინფორმაციას იმ პირის ვინაობის შესახებ, ვინც აღნიშნული ქმედება განახორციელა. ინფორმაციას არ ფლობენ ოპოზიციის წევრებიც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები