ახალი ამბები
ქარელის მერიას ნაგვის კონტეინერები 298 დღის დაგვიანებით მიაწოდეს
კომპანია ,,მელისამ'' ქარელის მერიას ნაგვის კონტეინერები დაგვიანებით მიაწოდა. ამის გამო, მერიამ სასამართლოში იჩივლდა.

სასამართლო სხდომა დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილებით, კომპანიას, რომელსაც ქარელის ბიუჯეტიდან 130 000 ლარი ჩაერიცხა, მერიას უკან 2094 ლარს დაუბრუნებს.

როგორც სასამართლო სხდომაზე მერიის წარმომადგენელმა განმარტა, კომპანიამ ურნების მიწოდება 298 დღით დააგვიანა. საუბარია 44 კონტეინერზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს "მელისამ'' 44 ცალი კონტეინერი ქარელის მერიას 298 დღის დაგვიანებით მიაწოდა. შესაბამისად, კონტეინერები ქარელის სოფლებში ამავე რაოდენობის დღეების დაგვიანებით დადგეს.

ქარელის მერიამ კომპანიას ჯერ თანხა ჩაურიცხა, შემდეგ კი ვადაგადაცილებული დღეების გამო პირგასამტეხელოს დაკისრება, დაახლოებით 8 000 ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა.

თავდაპირველად, ხაშურის სასამართლომ დააკმაყოფილა ქარელის მერიის საჩივარი და კომპანიას 7748 ლარი გადახდა დააკისრა. ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სასამართლომ გააუქმა ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის გადაწყეტილებით, მერიის მიერ დაანგაირშებული თანხა ზედმეტია და ,,მელისას'' მხოლოდ 2094 ლარის გადახდა დაეკისრა.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება ქარელის მერიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2023 წლის 10 მარტს ძალაში დარჩა თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას, რომელსაც 130 000 ლარი ჩაერიცხა, ვადაგადაცილების გამო, დაეკისრა 2094 ლარის გადახდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები