ახალი ამბები
ძმის სახლში მცხოვრებ დევნილს სააგენტომ ბინით დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა
დევნილი, რომელიც ძმის სახლში ცხოვრობს, სააგენტომ ბინით არ დააკმაყოფილა. მიზეზი - არ არსებობს მისი დაუყონებლივი განსახლებაო.

ამის გამო, სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც დევნილის სასარგებლოდ დამთავრდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააგენტოსთვის არა აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, თუ სად და როგორ ცხოვრობს იძულებით გადაადგილებული პირი.

სააგენტოსთვის მთავარი უნდა იყოს ის კრიტერიუმები, რომელიც თავადვე განსაზღვრა. სასამართლოს აზრით, ამ კრიტერიუმების მიღმა სხვა არგუმენტების მოშველიება დაუშვებელია.

საქმე იმაშია, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირმა დევნილთა სააგენტოს პირველად 2020 წელს მიმართა და ბინით უზრუნველყოფა მოითხოვა.

დევნილთა განსახლების სააგენტოს წარმომადგენლებმა ვითარება შეისწავლეს, ჩავიდნენ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში და დაადგინეს, რომ დევნილი ცხოვრობს ძმის სახლში.

ამიტომ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, არ არსებობდა დევნილი მოქალაქის დაუყოვნებლივ განსახლების საჭიროება.

სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მოქალაქეს პრობლემები აქვს ძმის შვილთან და ამიტომ ითხოვს ბინასო. სასამართლოზე ძმისშვილმა განაცხადა, რომ იგი დაოჯახებას აპირებს და შესაბამისად სურს, რომ მამიდას თავისი სახლი ქონდეს.

სასამართლოს განმარტებით, დევნილთა სააგენტოს თავის გადაწყვეტილებაში არ უნდა ემსჯელა ასეთი ტიპის ოჯახური საკითზე. სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ქულები დგინდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები